"ელ მატადორი" დაიბადა გერმანიაში, შემდეგი გაჩერება იყო მშობლიური საქართველო, სადაც ის ბერძნულ-რომაული ჭიდაობით დაინტერესდა. 15 წლის ასაკში თოფურია საცხოვრებლად გადავიდა ესპანეთში და სწორედ აქედან იწყება მისი გზა MMA-ს მწვერვალისკენ. კარიერის სტარტზე მან მოიარა რამდენიმე ევროპული ორგანიზაცია, მათ შორის ყველასთვის ცნობილი Cage Warriors-ი.
აღსანიშნავია, რომ თავდაპირველად, ქართველი მებრძოლის მთავარი იარაღი ჭიდაობა იყო - ზედიზედ შვიდი გამარჯვება საბმიშენით. UFC-იმ მალევე შენიშნა ილია და მასზე დიდი იმედებიც დაამყარა. პერსპექტიულმა მებრძოლმა ნამდვილად გაამართლა მოლოდინი და მაყურებელს ერთი მეორეზე დასამახსოვრებელი ბრძოლა აჩუქა.

"ელ მატადორზე" საუბრობდნენ როგორც UFC-ის მომავალ ვარსკვლავზე და უნდა ითქვას, რომ მებრძოლმა მალევე აუღო ალღო პრომოუშენის თამაშის წესებს. თრეშთოქი 27 წლის მებრძოლის გამოსვლების განუყოფელ ნაწილად იქცა: თავზეხელაღებული ბიჭის იმიჯი, რომელსაც არავისი ეშინია, მათ შორის არც ჩემპიონების.
თოფურიაზე ხშირად ამბობდნენ, რომ ის რისკავდა და ზღვარს აბიჯებდა, თუმცა მისი შედეგები ყველა კრიტიკოსს აჩუმებდა. ბრაის მიტჩელისა და ჯოშ ემეტის დამარცხების შემდეგ, ქართველმა ტიტულისთვის ბრძოლის შანსი მიიღო, რომელიც იდეალურად გამოიყენა. როგორც აღვნიშნეთ, მისი საბაზისო კარიერა ბერძნულ-რომაული ჭიდაობით დაიწყო, რასაც მოგვიანებით ჯიუ-ჯიტსუც დაემატა.
ეს ყველაფერი იმის გათვალისწინებით, რომ უშუალოდ UFC-ში ილიას თავისი საფირმო ჭიდაობა სრულფასოვნად ჯერ არ უჩვენებია. მას ამ ყველაფრის გარეშეც მშვენივრად მისდის საქმეები. "ელ მატადორი" შესანიშნავია დგომში და ცალკე გამოსარჩევია მისი მუშაობა ხელებით. არავითარი ერთჯერადი ოვერჰენდები, 27 წლის მებრძოლი მუშაობს სერიულად, მრავალფეროვნად და რაც მთავარია, უზუსტესად.

გავიხსენოთ თუნდაც ის, თუ როგორ გაუშვა თოფურიამ ნოკაუტში ჯეი ჰერბერტი - ნამდვილი ესთეტიკური სიამოვნება კრივის მოყვარულებისთვის. იშვიათია, როდესაც ქვემსუბუქი დივიზიონის მებრძოლის დარტყმისგან მეტოქე ასე ზარალდებოდეს. 298-ე ღონისძიებაზე ქართველი მებრძოლის დარტყმას ვოლკანოვსკიც შეეწირა.
ილიას გამოარჩევს როგორც დარტყმის ტექნიკა, ისე სიძლიერეც. პარალელი შეგვიძლია გავავლოთ მაქს ჰოლოუეისთან, რომელიც UFC-ში ერთ-ერთ საუკეთესო დამრტყმელად მიიჩნევა. ამერიკელი მებრძოლი ეფექტურად იყენებს გაბარიტებსა და ტექნიკას, მაგრამ "ელ მატადორის" მსგავსი დამანგრეველი დარტყმა მას არ აქვს.
ცალკე გამოსარჩევია 27 წლის მებრძოლის მენტალური სიძლიერეც. ის არის თავდაჯერებული და გარკვეულწილად, თავხედიც კი. სწორედ ამის გამო ადარებენ ახალგაზრდა კონორ მაკგრეგორს, რომელიც თოფურიას ერთგვარი ინსპირაციის წყაროა. მსგავსი ტატუები მკერდსა და ზურგზე, თრეშთოქი, მეტოქის მორალური განადგურება ჯერ კიდევ ბრძოლის დაწყებამდე.












