La Gazzetta dello Sport-ის ინფორმაციით, ნაპოლიში კევინ დე ბრუინსა და მასიმილიანო ალეგრის შორის დაძაბულობა პიკს აღწევს. ეს იმ გუნდის რთული მდგომარეობის კიდევ ერთი გამოვლინებაა, რომელმაც სეზონის პირველ 8 მატჩში 4 მარცხი განიცადა. ალეგრი ფიორენტინასთან იმედგამაცრუებელი ფრის შემდეგ ფეხბურთელებისგან მეტ პასუხისმგებლობას ითხოვდა. მწვრთნელის უკმაყოფილება მხოლოდ შედეგს არ უკავშირდებოდა — მას გუნდის პასიური თამაში და მოედანზე დაშვებული ხშირი შეცდომებიც აწუხებდა.

ალეგრიმ იცის, რომ დე ბრუინის კარგი თამაში ნაპოლისთვის უმნიშვნელოვანესია, თუმცა ბელგიელმა ნახევარმცველმა ვილიარეალთან გამართულ შეხვედრაში მწვრთნელის მითითებები, ფაქტობრივად, უგულებელყო, რამაც იტალიელი სპეციალისტი გააბრაზა. მატჩის პირველი ტაიმის დიდი ნაწილი ალეგრიმ კევინის ყურადღების მიქცევას დაუთმო და გამუდმებით ყვიროდა: "კევინ, კევინ!“ მას დე ბრუინის უფრო უკან დახევა და თამაშის ორგანიზება სურდა, რათა შეტევაში ახალი შესაძლებლობები გაეჩინა. გეგმის მიხედვით, ბელგიელს სკოტ მაკტომინეისთან პოზიციები უნდა გაეცვალა, რაც შოტლანდიელს მეტ თავისუფლებას მისცემდა მეტოქის კარისკენ წინსვლისას და ნაპოლის შეტევებსაც უფრო ორგანიზებულს გახდიდა.
თუმცა დე ბრუინმა მწვრთნელის მითითებებს არ უპასუხა და მისკენ არც კი შეტრიალებულა. ის მოედანზე კვლავ უკმაყოფილებას გამოხატავდა, ხელებს იქნევდა და მეტოქის კარისკენ მიუთითებდა. ბელგიელს უფრო წინ, საჯარიმოსთან ახლოს დარჩენა სურდა, რადგან მიაჩნდა, რომ ამ პოზიციიდან გუნდს უფრო მეტად დაეხმარებოდა. ვითარება იმდენად დაიძაბა, რომ ალეგრი დე ბრუინის შეცვლაზეც კი დაფიქრდა და მის ნაცვლად დავიდ ნერესის შეყვანა განიხილა. მატჩის დასრულების შემდეგ იტალიელმა სპეციალისტმა კონფლიქტის საჯაროდ გამწვავებას თავი აარიდა და მომხდარი მოკლედ შეაფასა: "ერთმანეთს ვერ გავუგეთ“. თუმცა, გამოცემის ცნობით, მწვრთნელსა და ფეხბურთელს შორის დაძაბულობა კვლავ ძალიან მაღალია და დიდი შანსია, დე ბრუინმა შემდეგი მატჩი სკამიდან დაიწყოს.











