საქართველოს მოქმედი ჩემპიონი იბერია კონფერენს ლიგის მთავარ ფაზაში ასპარეზობას იწყებს და პირველ ტურში ბელგიურ სტ.ტრუიდენს დაუპირისპირდება.
მოგეხსენებათ, იბერიამ რთული გზა გაიარა, რათა ისტორია დაეწერა და 22-წლიანი პაუზის შემდეგ, ქართული კლუბი ევროტურნირებზე მოხვედრილიყო. ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე ესტონური ფლორას დამარცხების შემდეგ, იბერიამ სლოვან ბრატისლავასთან წააგო და ევროპა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე გადაინაცვლა, სადაც ლარნეს სძლია და კონფერენს ლიგის ძირითადი ფაზა გაინაღდა.
ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე იბერიას მნიშვნელოვანი ცვლილებები არ განუხორციელებია და ძირითადი ბირთვი იგივეა. მთავარი მწვრთნელის პოსტი ანდრი დემჩენკომ დატოვა და გუნდი ლევან კორღალიძემ ჩაიბარა.
სასიხარულოა, რომ გუნდთან ერთადაა ქართული ფეხბურთის ამომავალი ვარსკვლავი ანდრია ბართიშვილი, რომელსაც სავარაუდოდ, მეორე ტაიმში უნდა ველოდოთ.
რაც შეეხება ჩვენს მეტოქეს, სტ.ტრუიდენმა ბელგიის ჩემპიონატის გასულ სეზონში მესამე ადგილი დაიკავა, თუმცა წელს სათანადო ფორმაში არაა და ბოლო 6 მატჩიდან 4 წაგებული აქვს. მათი მთავარი პლიუსი ღია და გახსნილი თამაშია, ბევრს იტანენ და ბევრსაც უშვებენ.
ლევან კორღალიძე (იბერიას მთავარი მწვრთნელი):"დიდი იმედი მაქვს, რომ ასეთი დიდი რანგის ტურნირზე წარმატებით დავიწყებთ ასპარეზობას. საქართველოს სახელს წარმოვადგენთ და ეს ჩვენთვის დიდი პასუხისმგებლობაა. იბერიაში პირველად არ ვმუშაობ, აქ მესამედ მოვედი და ყველა თბილად დამხვდა. შესაბამისად, გუნდთან შეგუება არ გამჭირვებია. რაც შეეხება ჩვენს მეტოქეს, ძალიან სწრაფი გუნდია, ხარისხიანი ფეხბურთელებით. მეტოქის თამაში გავაანალიზეთ და მზად ვართ, რომ ჩვენი გეგმა მაქსიმალურად კარგად შევასრულოთ"
გიორგი მაკარიძე (იბერიას ფეხბურთელი):"ვხვდებით, რომ ეს თამაშები ქართული საკლუბო ფეხბურთისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, გუნდში კარგი გარემოა, კარგი განწყობა გვაქვს და შევეცდებით, მაქსიმუმი გავაკეთოთ და 3 ქულა მოვიპოვოთ. მთელი გუნდი 100%-ით დაიხარჯება და მაქსიმუმს გაიღებს. ხელოვნურ ბალახზე თამაში სასიამოვნო არ არის, თუმცა ვითარება ასეთია"
სტ.ტრუიდენი - იბერია
კონფერენს ლიგა, მთავარი ფაზა, პირველი ტური
15 ოქტომბერი, 23:00
დაიო ვასაბი, სტ.ტრუიდენი (ბელგია)
მ.ტურკმენი (თურქეთი)
იბერიას სავარაუდო შემადგენლობა: მაკარიძე, ჩანჩარი, ამისულაშვილი, სელიმოვიჩი, ჯინჯოლავა, ქარდავა, დადიანი, სიხარულაშვილი, ნაჭყებია, კაფე, ძაგანია











