ფედერიკო კიეზას არც ისე კარგი სეზონი აქვს. 26 წლის იტალიელი დღევანდელი იუვენტუსის შეუცვლელი წევრი ნამდვილად აღარაა, ამას ისიც ემატება, რომ ალეგრის სათამაშო სქემაში, კიეზა ხშირად იკარგება. 3-5-2 ტაქტიკაში, ფეხბურთელს მეორე ფორვარდის პოზიციაზე უწევს თამაში, სადაც თავისი საუკეთესო თვისებების გამოვლენა ხშირად უჭირს. ამ სეზონზე კიეზას ანგარიშზე 6 გოლი და 2 საგოლე გადაცემაა, რაც, მისი დონის ფეხბურთელისთვის, კარგი სტატისტიკა ნამდვილად არაა.
"ის პრობლემა არასდროს ყოფილა, უბრალოდ ძველი ფორმის დაბრუნება სჭირდება, რაც გარკვეულ დროს მოითხოვს. უფრო კომფორტულად თავს ფლანგზე გრძნობს, თუმცა ცენტრშიც საკმაოდ პროდუქტიულია. მას მშვიდად ყოფნას ვურჩევ, რადგან ასე უფრო მალე დაუბრუნდება თავის საუკეთესო ვერსიას." - ალეგრი
რა მოხდება ზაფხულში? ფეხბურთელის კლუბთან არსებული კონტრაქტი 2025 წლამდე გრძელდება, ამ დრომდე კი მხარეებს შორის ახალ ხელშეკრულებაზე საუბარი არ ყოფილა. ბევრი რამ ალეგრის მომავალზეც იქნება დამოკიდებული, ისევე როგორც ზაფხულის სატრანსფერო სამიზნეებზე. "ბიანკონერი" ფელიპე ანდერსონის დამატებაზე მუშაობს, ასევე კლუბი ალბერტ გუდმუნდსონითაც არის დაინტერესებული. გამოსარჩევია კენან ილდიზის დაწინაურებაც, რომელიც ზუსტად კიეზას პოზიციაზე თამაშობს. ამ ყველაფერს ემატება ფინანსური მხარეც - იუვენტუსს გაყიდვები სჭირდება, შესაბამისად, არსებობს მოლოდინი, რომ ზაფხულში კლუბი კიეზას გაშვებას განიხილავს.