იან რაიტმა, როი კინმა, გარი ნევილმა და ჯეიმი კარაგერმა Sky-სთვის გადაიღეს დოკუმენტური ფილმი იტალიაში მოგზაურობის შესახებ. აპენინებზე მათ დახვდათ ჯორჯო კიელინი, რომელსაც ეცვა მანჩესტერ იუნაიტედის მაისური, ზურგზე კი ყოფილი ირლანდიელი შუახაზელის გვარი ეწერა. ყოფილმა უკანახაზელმა აღნიშნა, რომ მისი კერპი სწორედ "წითელი ეშმაკების" ყოფილი კაპიტანი იყო.
"ვიყავი რეტრო-მაისურების ღონისძიებაზე, სადაც ერთის ამორჩევა მთხოვეს. არ მინდოდა მესისა და რონალდუს დასახელება, კინი ავირჩიე. მან იმდენად დიდი გავლენა მოახდინა ჩემზე, რომ როის გამო მზად ვიყავი იუვედან სანდერლენდში გადასასვლელად", - განაცხადა ყოფილმა იტალიელმა უკანახაზელმა.
შეგახსენებთ, რომ ლეგენდარული საყრდენი ნახევარმცველი "შავ კატებში" მწვრთნელად 2006-2008 წლებში მუშაობდა. საინტერესოა ის, რომ ტურინში გადასვლასთან ახლოს თავის მხრივ თავად "მანკუნიანელების" კაპიტანიც იყო.