"უბრალო დაჭიმულობა..." — ასე შეფასდა, ხვიჩა კვარაცხელიას დაზიანება ნაპოლის ექიმების მიერ. როგორც ირკვევა, ქართველმა ფეხბურთელმა ბოლო ვარჯიშზე მონაწილეობა ვერ მიიღო, რადგან ხვიჩამ ფეხზე გარკვეული დისკომფორტი იგრძნო, რის გამოც, კონტემ და მისმა სტაფმა არ გარისკა და კვარას დასვენების საშუალება მისცა.
ხვიჩა გასახდელში დაბრუნებამდე მოედანზე დარჩა, სადაც ფიზმომზადების მწვრთნელთან ერთად რამდენიმე გაწელვითი ვარჯიში გააკეთა. დღის ბოლოს, როდესაც კონტეს გუნდმა მეორე ვარჯიში გამართა, ხვიჩას მონაწილეობა კვლავ არ მიუღია, თუმცა როგორც კლუბთან დაახლოები წყაროები წერენ, 23 წლის ფეხბურთელის დაზიანება სერიოზული არაა.
ნაპოლი 2024/25 სეზონის პირველ ოფიციალურ შეხვედრას იტალიის თასზე, მოდენასთან გამართავს. მატჩი 10 აგვისტოს, სტადიო დიეგო არმანდო მარადონაზე, თბილისის დროით 23:15 საათზე გაიმართება. მიიღებს თუ არა ხვიჩა ამ შეხვედრაში მონაწილეობას, ამას უახლოეს 1-2 დღეში გავიგებთ.