ვალენსიას მეკარემ, გიორგი მამარდაშვილმა ტრავმის გამო რამდენიმე შეხვედრა გამოტოვა. მისი დაბრუნება 2025 წლის დასაწყისში არის დაანონსებული. 3 იანვარს "ღამურები" გამართავენ პრიმერა დივიზიონის მე-12 ტურის გამოტოვებულ მატჩს მადრიდის რეალთან და ისმის კითხვა: ითამაშებს თუ არა ქართველი გოლკიპერი "სამეფო კლუბის" წინააღმდეგ?
ამ ფაქტს გამოეხმაურა As-ი, რომლის მტკიცებით, "ლოს ჩესის" მეკარის თამაში "ბლანკოსთან" ნაკლებად სავარაუდოა - "მან შვებულება შეამოკლა და სარეაბილიტაციო კურსის გავლა გააგრძელა. მიუხედავად იმისა, რომ მამარდაშვილი ზაფხულში გადადის ლივერპულში, ეჭვგარეშეა, რომ ახლა ის მხოლოდ ვალენსიაზე არის კონცენტრირებული.
გიორგი არის ტრავმის მოშუშების დასკვნით ეტაპზე, თუმცა რეალის წინააღმდეგ მოედანზე გამოსვლა ნაჩქარევი გადაწყვეტილება იქნება. მის ადგილს დაიკავებს დიმიტრივსკი, თავად ქართველი გოლკიპერი კი დაბრუნდება კოპა დელ რეის მატჩისთვის, 7 იანვარს, ელდენსესთან", - წერს ესპანური გამოცემა.