UFC-ის ჩემპიონმა, ილია თოფურიამ მოახლოებული გეგმების შესახებ ისაუბრა. შეგახსენებთ, რომ მას საჩემპიონო ქამრის დაცვა მაქს ჰოლოუეის წინააღმდეგ მოუწევს. ბრძოლა 27 ოქტომბერს გაიმართება. ქართველმა მებრძოლმა ისიც აღნიშნა, რომ 2025 წელს ის სანტიაგო ბერნაბეუზე იბრძოლებს.
"ჰოლოუეისთან ბრძოლა? - მას ყველა ასპექტში ვჯობნი. ყველა დისციპლინაში მოვიწვიე საუკეთესო პროფესიონალები, იმისთვის, რომ ჩემი შესაძლებლობების განვითარება სრულყოფილებამდე მიმეყვანა. ახლა ცხოვრების საუკეთესო პერიოდი მაქვს, როგორც სპორტული თვალსაზრისით, ისე მენტალურად და სულიერადაც.
ერთი სული მაქვს ბრძოლის დღე როდის მოვა. მე არასდროს ვირჩევ მოწინააღმდეგეს, ჩემპიონი ვარ და ქამრის დაცვა ჩემი მოვალეობაა. ვისაც დამისახელებს ორგანიზაცია, იმასთან ვიჩხუბებ. ვისაც ჩემს შესაძლებლობებში ეჭვი ეპარება, მოვიდეს და ჩემთან საკუთარი თავი გამოსცადოს. მე მსოფლიო ჩემპიონი ვარ.
ჩემი შემდეგი ბრძოლა 2025 წელს, სანტიაგო ბერნაბეუზე იქნება - ეს უკვე ფაქტია", - განაცხადა "ელ მატადორმა".
თოფურიამ ასევე, მერაბ დვალიშვილისა და შონ ო'მალის ბრძოლის შესახებ ისაუბრა:
"ეჭვიც არ მეპარება, რომ დვალიშვილი გაიმარჯვებს. ეს ბრძოლა მერაბისთვის შესანიშნავად წარიმართება, რადგან შონი მის სტილს იდეალურად ერგება. ამჟამინდელი ჩემპიონი არ არის ისეთი მებრძოლი, რომელიც კარგი საჭიდაო უნარებით გამოირჩევა.
როგორც კი ქართველი მებრძოლი ჭიდაობაში დომინირებას დაიწყებს, ეს "შუგას" საქმეს ძალიან გაურთულებს. ამ ღონისძიებას სულმოუთქმელად ველი. საქართველოს კიდევ ერთი ჩემპიონი ეყოლება. ეჭვიც არ მეპარება, რომ დვალიშვილი ქამარს აწევს".