UFC 306-ის წინ, გაიმართა პრესკონფერენცია, რომელზეც მერაბ დვალიშვილი და შონ ო'მალი იმყოფებოდნენ. შეგახსენებთ, რომ მათი ბრძოლა გაიმართება 15 სექტემბერს, სასწორზე საჩემპიონო ქამარია. ქართველმა ჩემპიონობის კანდიდატმა გაიხსენა თავისი განვლილი გზა და ყველა ის სირთულე, რაც მას ამერიკელ ჩემპიონთან ბრძოლამდე გადახვდა.
"ეს ბრძოლა ჩემთვის განსაკუთრებულია და ძალიან ბედნიერი ვარ. იქიდან მოყოლებული, რაც ამ ბრძოლის შესახებ გამოაცხადეს, აღელვებული ვარ. UFC-ის ნებისმიერი მებრძოლი ოცნებობს აქ ყოფნაზე. ორი სურვილი მქონდა: ო’მალისთან მეჩხუბა და ეს ჩხუბი სფეროს უნიკალურ არენაზე მექსიკის დამოუკიდებლობის დღეს ჩატარებულიყო.
ყველაფერი რიგზეა, მე ჩემს თავსა და მიზნებზე ვარ ორიენტირებული, ყველაფერს გავაკეთებ წარმატებისთვის. შონმა გამარჯვება შესანიშნავ ჩხუბში მოიპოვა და UFC-ის კონტრაქტიც მიიღო. სამწუხაროდ, მე პირველ ორ ჩხუბში საეჭვო ვითარებაში წავაგე, მაგრამ 2018 წელს, პირველი მოგების შემდეგ, ვთქვი, რომ "შუგასთან" ჩხუბი მსურდა.
ჩვენ ერთი და იგივე მოწინააღმდეგე დავამარცხეთ. იმედი მქონდა, რომ ბრძოლა შედგებოდა ჯერ კიდევ მაშინ, თუმცა ო'მალის არ უპასუხია. სტილს თუ გავითვალისწინებთ, შონი ჩემთვის იდეალური მეტოქეა, მაგრამ ვიცით, რისი გაკეთება შეუძლია. ჩხუბი ჩემი კარნახით უნდა მიმდინარეობდეს, მაგრამ "შუგას" ძლიერი და სახიფათო დარტყმები აქვს.
ერთმა დარტყმამ შეიძლება ყველაფერი შეცვალოს. UFC-ში არ არსებობს მარტივი ბრძოლა, ამიტომ ხუთივე რაუნდის განმავლობაში ჭკვიანურად ვიმოქმედებ. ეს ჩხუბი UFC-ის ტიტულისთვის და მემკვიდრეობისთვისაა. ო'მალიმ თავისი ინტერვიუს დროს ჩემს სამშობლოს პატივი არ სცა, ჩემთვის კი საქართველო ყველაფერია.
ბრძოლა იმისთვის დავიწყე, რომ ჩემი ქვეყანა წარმედგინა და როცა ვინმე შენს ოჯახს ან ქვეყანას არ სცემს პატივს, პასუხი უნდა გასცე. გამარჯვება და იმის ჩვენება მსურს, რომ თავმდაბალი უნდა იყო. საქართველოში, აეროპორტში ყოველთვის გელოდებიან, ჩემი ჩხუბების საყურებლად კი ყველა ადრე იღვიძებს.
უდიდეს მხარდაჭერას ვგრძნობ. მინდა, რომ ქამარი საქართველოში ჩავიტანო და გამარჯვება ჩემს ხალხთან ერთად აღვნიშნო. გრძელი გზა გამოვიარე, 2019-2020 წლამდე ჩემი ცხოვრება ძალიან რთული იყო, უამრავი გამოწვევა მქონდა. ზოგჯერ ჩემს თავს ვეკითხებოდი, გავაგრძელო თუ გავჩერდე? ძალიან რთულია სრულ განაკვეთზე ფიზიკურად მუშაობა მზესა თუ თოვლში, მაგრამ როდესაც მუშაობას ვასრულებდი, მაინც ვვარჯიშობდი.
2020 წელს ბევრი რამ შეიცვალა, მეტი ბრძოლა ავიღე და მეტ თანხას გამოვიმუშავებდი. მსურს, UFC-ის მადლობა გადავუხადო, რადგან ახლა შემიძლია დავიძინო ჩემს სახლში, ოჯახის წევრებსა და მეგობრებს კი მხარი დავუჭირო. მინდა შთავაგონო სხვა ადამიანები, რომ თუ მე გამომივიდა, მათაც გამოუვათ. უბრალოდ განაგრძეთ ოცნება, ყველაფერი შესაძლებელია.
შემდეგი მოწინააღმდეგე? მე არასდროს ვირჩევ მოწინააღმდეგეებს. UFC-ის ვისაც უნდა, იმას დავუპირისპირდები. იყოს უმარი, თუმცა მე ფიგიერედო მირჩევნია. ო'მალის შემდეგ, ის იქნება მე-5 ჩემპიონი, ვისაც მოვუგებ. შონს ქურთუკი რომ წავართვი, დანამ მთხოვა დაუბრუნეო. დაიტოვოს ქურთუკი, მე მას ქამარს წავართმევ.
საქართველო, მიყვარხარ! ყველაფერს გავაკეთებ, როგორც ჩვენ შეგვეფერება და ისე დავიხარჯები ბოლომდე", - განაცხადა "მანქანამ", რომელიც UFC-ში 2017 წლიდან ასპარეზობს. შეგახსენებთ, პირველ ორ ჩხუბში წაგების შემდეგ, 33 წლის მებრძოლმა ზედიზედ 10 ჩხუბი მოიგო.