პრესაში აქტიურად იწერება ტურინის იუვენტუსის საბა გოგლიჩიძის მიმართ ინტერესის შესახებ. ჩემპიონთა ლიგაზე, ლისაბონის ბენფიკასთან შეხვედრის შემდეგ, ქართველი უკანახაზელის "ბებერ ქალბატონში" გადასვლა კიდევ უფრო რეალური გახდა. საქმე ისაა, რომ იტალიური გრანდის ლაზარეთში ამ დროისთვის 3 მცველი იმყოფება.
გლეისონ ბრემერსა და ჟუან კაბალს დაემატა პიერ კალულუც, რომელიც სწორედ "არწივებთან" მატჩში დაშავდა. "ბიანკონერის" ახალწვეულ ცენტრალურ მცველს ჩაუტარდა გამოკვლევა, რომლის შემდეგაც დადგინდა, რომ ფრანგი მოთამაშე დაახლოებით 4-5 კვირას გამოტოვებს. ალიანსის ბინადრების განკარგულებაში ამ დროისთვის არის მხოლოდ 2 უკანახაზელი: ფედერიკო გატი და რენატუ ვეიგა.
ტიაგო მოტას გუნდს სჭირდება გაძლიერება, თანაც მალე და ყველაზე ოპტიმალური ვარიანტი სწორედ ემპოლის ცენტრალური მცველია. იტალიური პრესა წერს, რომ იუვე სატრანსფერო ფანჯრის ბოლო პერიოდში ერთ ბიუჯეტურ შენაძენს აუცილებლად განახორციელებს.