მადრიდის რეალში პრობლემებია და ეს შედეგებზეც ისახება. პირველად 2009 წლის შემდეგ, ევროპის ყველაზე ტიტულოვანი გუნდი დამარცხდა ზედიზედ 2 საშინაო მატჩში: ჯერ ბარსელონასთან, შემდეგ კი მილანთან. პერიოდულად იწერება იმის შესახებ, რომ "სამეფო კლუბში" განხეთქილებაა და კონფლიქტის ეპიცენტრში კილიან მბაპე არის.
As-ის მტკიცებით, უკმაყოფილებას არ მალავს ჯუდ ბელინგემიც, რომელიც არ ეთანხმება იმ ყველაფერს, რასაც კარლო ანჩელოტი "ბლანკოსში" აკეთებს. ბერნაბეუზე ფრანგი ფორვარდის მისვლით, იტალიელმა სპეციალისტმა შეზღუდა ინგლისელი გამთამაშებლის შემტევი პოტენციალი, რის შედეგადაც მან სიღრმეში ჩამოიწია.
რეალის შემტევ ნახევარმცველს კვლავ სურს თავდამსხმელების უკან თამაში და გოლების გატანა, თუმცა არსებული ტაქტიკით ეს ამ ეტაპზე შეუძლებელია. მადრიდელთა სპეციალისტი თავის მხრივ გამორიცხავს კონფლიქტის არსებობას და ხაზს უსვამს იმ ფაქტს, თუ როგორი მნიშვნელოვანია 21 წლის გამთამაშებელი გუნდისთვის.