სამეფო რბოლების პოპულარობა აშშ-ში ზრდას ჯერ კიდევ 2017 წელს იწყებს, როდესაც ფორმულა 1 ამერიკულმა Liberty Media-მ შეიძინა. 2019 წელს კი Netflix-მა დაიწყო დოკუმენტური ფილმების გადაღება Formula 1: Drive to Survive და უდიდესი როლი ითამაშა სპორტის პოპულარიზაციაში. დღეის მდგომარეობით, ფორმულა 1-ის სეზონში 24 რბოლა ტარდება, საიდანაც სამს სწორედ აშშ მასპინძლობს — მაიამი, ოსტინი და ლას ვეგასი.
პოპულარობის ზრდასთან ერთად, ფორმულა 1 აშშ-ს პოპკულტურაში თავის ადგილს იმკვიდრებს და ლოგიკურია, რომ ავტოსპორტის მოყვარულებშიც დიდი გავლენით სარგებლობს. ამ ყველაფერზე კი საპრეზიდენტო არჩევნების კამპანიებიც მეტყველებს — დონალდ ტრამპი და კამალა ჰარისი მაქსიმალურად ცდილობენ ფორმულა 1-ის მოყვარული ელექტორატის გადმობირებას.
ყველაფერი 2024 წლის მაისში დაიწყო, როდესაც დონალდ ტრამპი მაიამის გრან პრის დაესწრო. ის მაკლარენის ბოქსებსაც ესტუმრა და ბრიტანული გუნდის დირექტორს, ზაკ ბრაუნს შეხვდა. რბოლა სწორედ მაკლარენის პილოტის, ლანდო ნორისის გამარჯვებით დასრულდა, რომელსაც ტრამპმა წარმატება პირადად მიულოცა და საპასუხოდ, მრბოლელისგან სიმპათია დაიმსახურა:
აღნიშნულმა კადრებმა უდიდესი პოპულარობა მოუპოვა მედიაში და მაკლარენი უნებლიედ აღმოჩნდა ჩართული დონალდ ტრამპის საარჩევნო კამპანიაში. მოგვიანებით, ბრიტანულმა გუნდმა განცხადებაც კი გაავრცელა, სადაც აღნიშნეს, რომ აშშ-ს პრეზიდენტის ოფისს დიდ პატივს სცემენ და ტრამპს უბრალოდ უმასპინძლეს და თანამედროვე ფორმულა 1-ის ტური ჩაუტარეს.

რესპუბლიკელებს არც დემოკრატები ჩამორჩნენ. გასულ კვირას, კამალა ჰარისმა ერთ-ერთ რადიოში სტუმრობის დროს ფორმულა 1-ზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მის ოჯახში ძალიან უყვართ სამეფო რბოლები:

ახალი არ არის, რომ საარჩევნო კამპანიების დროს, ყოველთვის დიდი ყურადღება ეთმობა პოპულალურ ადამიანებთან შეხვედრას და კანდიდატები მაქსიმალურად ცდილობენ კულტურის თუ სპორტის ვარსკვლავებთან ახლო ურთიერთობა ჰქონდეთ. ფორმულა 1 კი ყოველწლიურად უფრო პოპულარული ხდება აშშ-ში და შესაბამისად, პოლიტიკოსების მხრიდან უფრო მეტ ყურადღებას იპყრობს.
დონალდ ტრამპის მაიამის გრან პრიზე დასწრება არ ყოფილა შემთხვევითი, რადგან ყველასთვის ცნობილია, რომ ფლორიდა ერთ-ერთ ე.წ მერყევი შტატია (swing state), სადაც გამარჯვება საპრეზიდენტო კანდიდატებისთვის უმნიშვნელოვანესია. აღსანიშნავია, რომ ბოლო ორ არჩევნებზე, ფლორიდამ სწორედ ტრამპს დაუჭირა მხარი.
თავის მხრივ, არც კამალა ჰარისმა ისაუბრა შემთხვევით სამეფო რბოლების შესახებ — 2022 წლის სტატისტიკის მიხედვით, ფორმულა 1-ის გულშემატკივრების 40% ქალია და დემოკრატების საარჩევნო კამპანიის დიდი ნაწილი, სწორედ ქალების ხმების მოზიდვაზეა აგებული.
ერთთვიანი პაუზის შემდეგ, ფორმულა 1 აშშ-ში ბრუნდება და მოახლოებულ უქმეებზე სამეფო რბოლების გრან პრი ოსტინში ჩატარდება. ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნებამდე კი 3 კვირაზე ნაკლებია დარჩენილი და არ არის გამორიცხული, რომ კანდიდატებმა კიდევ ერთხელ ცადონ სპორტის და კონკრეტულად ფორმულა 1-ის გულშემატკივრების გადაბირება.









