ფრანგულ მეცთან ერთად საკლუბო სეზონის დასრულების შემდეგ, ეროვნულ გუნდს გაინბერგში გიორგი მიქაუტაძე შეუერთდა. 6 ივნისს საწვრთნელ პროცესში 26 ფეხბურთელი მონაწილეობდა. საბა კვერკველია გუნდთან ერთად ინდივიდუალური პროგრამით ვარჯიშობს.
მოსამზადებელი ეტაპის და ევროპის ჩემპიონატზე სადებიუტო ასპარეზობასთან დაკავშირებით, საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა, საბა ლობჟანიძემ ისაუბრა.

პირადად ჩემთვის, საკლუბო დონეზე ახლა შუა სეზონია, ბევრი მატჩი ჩავატარე და კარგ ფორმაში ვარ. ვემზადებით ტურნირისთვის და ველოდებით ჯგუფურ ეტაპს. ნაკრები ერთი ოჯახია, უკვე დიდი ხანია ერთად მოვდივართ. ვარჯიშებზეც ჩანს ჩვენი განწყობა, ერთმანეთს გვერდში ვუდგავართ შენიშვნებისა თუ გამხნევების სახით. ეს ყველაფერი ეხმარება გუნდს.
ევროპის ჩემპიონატზე სადებიუტო გამოსვლის წინ მოლოდინი დიდია. დარწმუნებული ვარ, თითოეული ქართველი ერთნაირი ემოციით ველოდებით ევროპის ჩემპიონატს".
რაც შეეხება ჯგუფური ეტაპის შეხვედრებს, საქართველოს ეროვნული ნაკრები სამ შეხვედრას გამართავს. 18 ივნისს, დორტმუნდში, ჩვენი გუნდი თურქეთის ნაკრებს დაუპირისპირდება. 22 ივნისს, ჰამბურგში, საქართველოს ნაკრების მეტოქე ჩეხეთი იქნება. ჯგუფური ეტაპის დასკვნით შეხვედრას კი 26 ივნისს, გელზენკირხენში, პორტუგალიის წინააღმდეგ ითამაშებს.








