UFC-ის საჩემპიონო ქამრის დაუფლების შემდეგ, მერაბ დვალიშვილმა პირველი პრესკონფერენცია გამართა. შეგახსენებთ, რომ ახალმა ჩემპიონმა შონ ო'მალის უშანსოდ მოუგო. ქართველი მებრძოლი დომინირებდა 5 რაუნდის მანძილზე, შემდეგ კი დამსახურებულ ტიტულსაც დაეუფლა.
"როცა ქამარი გავიკეთე ეს ძალიან ემოციური მომენტი იყო. უნდა ნახოთ, თუ როგორ ვიზეიმებ ჩემპიონობას ქართველ ხალხთან ერთად. ჩვეულებრივი ბიჭი ვარ, ყველგან დავდივარ, ხალხს ვხვდები. ამავდროულად ვაგრძელებ ვარჯიშს იმისთვის, რომ უკეთესი გავხდე. ჩემი ცხოვრების მომენტებს ყველასთან ვიზიარებ.
ო'მალისთან საწინააღმდეგო არაფერი მაქვს, მე ის არ მძულს. უბრალოდ დომინირება და იმის ჩვენება მსურდა, რომ მისი გატეხვა შემეძლო. მოწინააღმდეგეს პატივს ვცემ, იმის მიუხედავად, რა თქვა ჩემზე. შონი ბევრს შრომობს, ვფიქრობ, უფრო ძლიერი დაბრუნდება. ის ტოპ მებრძოლია, მაგრამ ახლა საუკეთესო მე ვარ.
მე ქართველი ვარ. ძალასა და მოტივაციას სწორედ სამშობლო მაძლევს. ჩემი ქვეყნისთვის ყველაფერს გავაკეთებ, ყველაფრისთვის მზად ვარ, სიკვდილისთვისაც. ახლა ჩემპიონი ვარ და ამ ემოციებს ჩემს სამშობლოში ქართველებთან ერთად გავიზიარებ. 12 წელი ვმუშაობდი იმისთვის, რომ ეს ყველაფერი გამეკეთებინა. საქართველო, მიყვარხარ, ჩვენ ეს შევძელით, მალე შევხვდებით.
მადლობა დანა უაიტს. პატივს ვცემ მას, კარგი ურთიერთობა გვაქვს, თუმცა ახლოს არ ვიცნობ. მადლობელი ვარ აღმოჩენისთვის და მოცემული შანსისთვის. მან ჩემი ცხოვრება შეცვალა", - განაცხადა დვალიშვილმა.