6 აგვისტოს, გამთენიისას, UFC-ის ოქტაგონზე საქართველოს მორიგი წარმომადგენელი, რომან დოლიძე გამოვა, რომლის მოწინააღმდეგე კევინ ჰოლანდი იქნება. განვიხილოთ, თუ რა შანსები აქვს ქართველს ამერიკელი მეტოქის წინააღმდეგ. აქვე დავამატებთ, რომ 307-ე ივენთი სოლტ-ლეიკ-სიტიში გაიმართება.
ბრძოლა გაიმართება საშუალო წონით დივიზიონში, რომლის რეიტინგში "კავკასიელი" ამ დროისთვის მეათე ადგილზე არის. მისი სტატისტიკა ასეთია - 16 ბრძოლა, 13 მოგება და 3 წაგება. უშუალოდ მსოფლიოს ყველაზე პოპულარულ ორგანიზაციაში, ანუ 2020 წლის ივნისის შემდეგ, 36 წლის მებრძოლმა მოიგო 7 ბრძოლა, 3 კი დათმო.
დოლიძის კარიერაში ყველაზე წარმატებული პერიოდი 2021 წლის ივნისიდან - 2022 წლის დეკემბრამდე იყო, როდესაც მან ზედიზედ ოთხი ბრძოლა მოიგო. ქართველმა დაამარცხა ლაურეანო სტაროპოლი, კაილ დაუკასი, ფილ ჰაუსი და ჯეკ ჰერმანსონი. შემდეგ იყო წარუმატებელი პერიოდი და ზედიზედ 2 წაგება, ბოლოს კი კიდევ 1 მოგება.
რომანს შვიდ ბრძოლაში გამარჯვება მოპოვებული აქვს ნოკაუტითა და ტექნიკური ნოკაუტით, რაც მოგებული ბრძოლების რაოდენობის 54 პროცენტია. სამჯერ "კავკასიელმა" მოიგო "საბმიშენით", ასევე, სამჯერ - მსაჯთა გადაწყვეტილებით. რაც შეეხება წაგებას, სამივე შემთხვევაში ის მსაჯთა გადაწყვეტილებით დამარცხდა.
მივადექით "ნოვატორს", რომელმაც თავის დროზე ერთ კალენდარულ წელიწადში რეკორდული, ხუთი ბრძოლა გამართა. ეს ხდებოდა 2020 წელს, 16 მაისის - 12 დეკემბრის შუალედში, 31 წლის მებრძოლმა მოუგო ენტონი ერნანდესს, ხოაკინ ბაკლის, დარენ სტიუვარტს, ჩარლი ონტივეროსსა და რონალდო სოუზას.
ჰოლანდის ზოგადი სტატისტიკა შეადგენს 38 ბრძოლას, 26 გამარჯვებასა და 11 მარცხს, ერთ ბრძოლაში მოგებული არ დასახელებულა. მისი ძლიერი მხარე "სთრაიქინგია", ბრძოლების 54% სწორედ ნოკაუტითა და ტექნიკური ნოკაუტით არის მოგებული. 31% უკავია "საბმიშენს", 15 კი მსაჯთა გადაწყვეტილებას.
გასათვალისწინებელია ის ფაქტი, რომ "მეინ ქარდი" სწორედ აღნიშნული ბრძოლით გაიხსნება, რაც ნიშნავს იმას, რომ დოლიძის გამარჯვების შემთხვევაში, ეს იქნება წინგადადგმული ნაბიჯი პოპულარობისა და მომავალში რეიტინგულ მეტოქესთან ბრძოლის პერსპექტივის თალსაზრისით. წარმატებები ვუსურვოთ ქართველ მებრძოლს.