დღეს გაიმართება კონფერენს ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის განმეორებითი შეხვედრები, სადაც დინამო თბილისი და ქუთაისის ტორპედო ითამაშებენ.
დინამო თბილისი მიხეილ მესხის სახელობის არენაზე 21:00 საათზე მორნარ ბარს უმასპინძლებს, ამ გუნდების პირველი მატჩი მონტენეგროელებმა 2:1 მოიგეს.
კარგია, რომ დინამოელებმა გოლი ბოლო წუთზე გაიტანეს და განმეორებითი მატჩის წინ, შემდეგ ეტაპზე გასვლის შანსები დაიტოვეს. მიუხედავად პირველ მატჩში მარცხისა, ფავორიტად მაინც თბილისური კლუბი მიიჩნევა.
დინამომ გამოცდილი ფეხბურთელები, საბა ხვადაგიანი და დავით სხირტლაძე დაიბრუნა. ეს უკანასკნელი პირველ მატჩში გუნდს ლიდერობდა და დინამოსთვის დიდი ძალაა.
რაც შეეხება ტორპედოს, მათი მეტოქე ალბანური ტირანაა. მატჩი ტირანაში, 22:00 საათზე დაიწყება. შეგახსენებთ, ქუთაისში გამართული შეხვედრა ფრედ 1:1 დასრულდა.
არადა, სტივ კინის გუნდი უდიდეს უპირატესობას ფლობდა, თუმცა ერთი გოლის მეტი ვერ გაიტანა და აქეთ დაისაჯა. განმეორებით მატჩში იმერლებიც ფავორიტებად მოიაზრებიან.
დიდი ალბათობით, დღეს ტორპედოს ახალწვეულის, მამადუ სახოს დებიუტი შედგება, რომლის საქართველოში ჩამოსვლის შემდეგაც მისი თამაშის მოლოდინი გვაქვს.