დღეს, ეროვნული ლიგის მე-4 ტურის შეხვედრები გაიმართა. ტური იბერიასა და დინამო ბათუმის დაპირისპირებით დაიწყო, რომელიც საკმაოდ დაძაბული გამოდგა.
პირველ ნახევარში აჭარლები დაწინაურდნენ. ანგარიში თორნიკე კირკიტაძის გადაცემით ნიკა კალანდარიშვილმა გახსნა, თუმცა მოქმედმა ჩემპიონმა მეორე ნახევარში გაათანაბრა, თავი იური ტაბატაძემ გამოიჩინა და შეხვედრა 1:1 დასრულდა.
ანალოგიური ანგარიში დაფიქსირდა თელავში გამართულ მატჩში, სადაც ანგარიში გამოცდილმა დაჩი ცნობილაძემ გახსნა და მასპინძლები დააწინაურა.
მე-13 წუთზე, უხეში თამაშის გამო მოედნიდან თორნიკე მორჩილაძე გააძევეს. მიუხედავად ამისა, დინამომ მაინც შეძლო ანგარიშის გათანაბრება. 24-ე წუთზე თავი მათე ვაწაძემ გამოიჩინა. მეორე ნახევარში გუნდებმა შექმნილი მომენტები ვერ გამოიყენეს - 1:1.
ქუთაისის ტორპედომ საკუთარ მოედანზე მორიგი მარცხი განიცადა. იმერლები ამჯერად დილასთან 1:2 დამარცხდნენ. ირაკლი ბუღრიძემ ყოფილ გუნდს გაუტანა და გოლი არ აღნიშნა. ყოფილი გუნდის წინააღმდეგ თავი პაატა ღუდუშაურმაც გამოიჩინა. ტორპედოს შემტევმა მცველები დააბნია და კლიაიჩს შანსი არ დაუტოვა. 86-ე წუთზე, გამარჯვების გოლი შეცვლაზე შემოსულმა დრამემ გაიტანა. გოლის შემდეგ, ბუღრიძემ საგოლე გადაცემაც გააკეთა და გუნდს 1:2 მოაგებინა.