გასული წლის ბოლოს, საფრანგეთის ფეხბურთის ასოციაციის დასკვნა გახდა ცნობილი, რის მიხედვითაც ლიონი სეზონის ბოლომდე ფინანსურ სიტუაციას თუ არ გამოასწორებდა, გუნდი ლიგა 2-ში დაქვეითდებოდა. ამას დაემატა, ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს ფეხბურთელების დამატების აკრძალვაც, შესაბამისად, ფრანგული გრანდი საკმაოდ მძიმე სიტუაციაში ჩავარდა. ასეთი შედეგი მოსალოდნელი იყო იმის გათვალისწინებით, რომ ლიგა 1-ის კლუბის დავალიანება €458 მილიონიდან €508 მილიონამდე გაიზარდა
კლუბმა ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს საკმაოდ კარგად იმუშავა და რამდენიმე ფეხბურთელის გაყიდვა მოახერხა, რითაც გარკვეულწილად ფინანსური სიტუაცია გამოასწორა, თუმცა თუ L’Équipe-ს დავუჯერებთ, გუნდი ჩემპიონთა ლიგაზე ვერ გასვლის შემთხვევაში, მაინც ძალიან მძიმე მდგომარეობაში ჩავარდება.
რა შეიძლება მოჰყვეს ჩემპიონთა ლიგაზე ვერ გასვლას?
ლიონი იძლებული იქნება გუნდის წამყვანი ფეხბურთელები გაყიდოს, ხოლო ვინც გუნდში დარჩება, მათ ხელფასების საგრძნობლად შემცირება მოუწევთ. დიახ, სიტუაცია კრიტიკულად მძიმეა და დღევანდელი მოცემულობით, ლიონს ლიგა 2-ში დაქვეითება კვლავ ემუქრება.
შეგახსენებთ, პაულუ ფონსეკას გუნდი 26 ტურის შემდეგ, 45 ქულით, მე-5 პოზიციაზე იმყოფება. ლიონი ევროპა ლიგაზე ასპარეზობასაც აგრძელებს, სადაც 1/4 ფინალში მანჩესტერ იუნაიტედს დაუპირისპირდება.