დანიელე დე როსის რომაში დაბრუნება წარმატებული აღმოჩნდა. "ჯალოროსიმ" სეზონი შემოაბრუნა და დიდი მიზნებისთვის ბრძოლას დაუბრუნდა. 40 წლის სპეციალისტი მშობლიურ გუნდში 2024 წლის 16 იანვარს დაბრუნდა - დანიელემ, არც მეტი არც ნაკლები, ჟოზე მოურინიოს ადგილი დაიკავა. ბევრისთვის ეს განწირული სვლა იყო, თუმცა ლეგენდამ კრიტიკოსების გაჩუმება მოახერხა.
დე როსიმ რომაში საოცარი სამუშაო გასწია,10 მოგება, 3 ფრე და მხოლოდ 2 წაგება. სერია ა-ში მეხუთე ადგილი და ევროპა ლიგის 1/4 ფინალის საგზური, დანიელემ რომას გულშემატკივარს ხალისი დაუბრუნა.
"დე როსის რომაში მისვლის შემდეგ გუნდმა სათამაშო ხარისხი საგრძნობლად გამოასწორა. შეიცვალა ატმოსფერო, შეიცვალნენ ფეხბურთელები, მის ხელში ყველა გარდაისახა. რომა ძლიერი და ანგარიშგასაწევი გუნდი გახდა, ის ახალ კონტრაქტს იმსახურებს", - არიგო საკი დანიელე დე როსიზე.
თავდაპირველად დე როსის და რომას შორის კონტრაქტი მხოლოდ სეზონის ბოლომდე გაფორმდა, თუმცა ლაციოსთან მოგებული დერბის შემდეგ, მისი მომავალი თითქმის გადაწყდა - ახალი ხელშეკრულება დროის ამბავია, დე როსი გუნდში რჩება.