ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალური ეტაპის კიდევ ერთი მატჩი პარიზში გაიმართა, სადაც ერთმანეთს პსჟ და ლივერპული დაუპირისპირდნენ. მაყურებელმა 90 წუთის განმავლობაში საოცარი ბრძოლა და სანახაობა იხილა, სადაც გამარჯვება სტუმარ გუნდს დარჩა. არნე სლოტის გუნდმა მეტოქე მინიმალური ანგარიშით, 0-1 დაამარცხა.
იმის მიუხედავად, რომ მთელი მატჩის განმავლობაში პსჟ მეტოქეს ყველა კომპონენტში აღემატებოდა, ლივერპულმა გამარჯვება მაინც მოახერხა. მატჩის ერთადერთი გოლი შეხვედრის 87-ე წუთზე, ცვლილებაზე შესულა ჰარვი ელიოტმა გაიტანა. ამ გოლის გარდა, სტუმარ გუნდს ერთი სახიფატო შეტევაც კი არ ჰქონია.
ამ მატჩში ვიხილეთ ხვიჩა კვარაცხელიას ულამაზესი გოლიც, რომელიც სამწუხაროდ თამაშგარე მდგომარეობის გამო გაუქმდა. ამ მომენტის გარდა, ქართველ ფეხბურთელს საოცარი პერფორმანსი ჰქონდა და თამამად შეგვიძლია იმის თქმა, რომ საკუთარი გუნდიდან მოედანზე საუკეთესო იყო. მატჩის MVP რა თქმა უნდა ლივერპულის მეკარე ალისონ ბეკერი გახდა, რომელმაც 9 სეივი შეასრულა.
განმეორებითი შეხვედრა, 11 მარტს, თბილისის დროით 23:55 საათზე გაიმართება.