საქართველოს ძალოსნობის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტმა, კახი კახიაშვილმა პოლონეთში გამართულ გამგეობის სხდომაზე ევროპის ჩემპიონატის მასპინძლად ბათუმი წარადგინა. მასპინძლობისთვის საქართველოსთან ერთად, პოლონეთი და ალბანეთი იბრძოდნენ. ბათუმმა დელეგატთა ერთსულოვანი გადაწყვეტილებით გაიმარჯვა.
ბათუმის, როგორც კანდიდატი ქალაქის, წარდგენაში დიდი წვლილი მიუძღვის საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს ხელმძღვანელობას, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობას, აჭარის სპორტის სამინისტროს, აჭარის ტურიზმის სამსახურსა და ბათუმის მერიას. საქართველოს ფედერაცია პოლონეთში გარდა სპორტული და ინფრასტრუქტურული საპრეზენტაციო ნაწილისა, საქართველოს სპორტის მესვეურების მიერ შედგენილი საგარანტიო წერილით წარსდგა.
შეგახსენებთ, რომ საქართველო და კერძოდ ბათუმი, ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატს მეორედ უმასპინძლებს. 2019 წელს ჩემპიონატი პირველად ჩატარდა და ევროპის ფედერაციისგან უმაღლესი შეფასება მიიღო.









