როგორც მოგეხსენებათ, ბარსელონამ მუხლის ტრავმის გამო მარკ-ანდრე ტერ შტეგენი დაკარგა. გამოცდილი მეკარისთვის სეზონი დასრულებულია, ის რვა-ცხრა თვეს გამოტოვებს. კატალონიელთა განკარგულებაშია ინიაკი პენია, მაგრამ კლუბის ქომაგები ითხოვენ კიდევ ერთი მეკარის დამატებას, რომელიც ახლა თავისუფალია.
პორტალმა Barca Universal-მა წამოაყენა სამი კანდიდატურა - კეილორ ნავასი, ვოიცეხ შესნი და ედგარ ბადია. პირველი მათგანი პარის სენ-ჟერმენთან კონტრაქტის ამოწურვის შემდეგ თავისუფალი აგენტია, პოლონელმა მეკარემ ზაფხულში კარიერა დაასრულა, ესპანელი კარის დარაჯი კი, კოსტა-რიკელის მსგავსად, ასევე თავისუფალია.
"ბლაუგრანას" გულშემატკივრებმა პირველი და მესამე ვარიანტი მომენტალურად გამორიცხეს. ტურინის იუვენტუსის ყოფილი მეკარის დამატების წინააღმდეგები კი "ლურჯ-ბროწეულისფრების" ქომაგები არ არიან. 34 წლის ყოფილ გოლკიპერს ამ ფაქტთან დაკავშირებით კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია.