ესპანეთის ლა ლიგის მეორე ტურში, ვალენსია სელტას ესტუმრება და პირველი ქულების მოპოვებას შეეცდება. საწყის ტურში, ღამურებმა ბარსელონა მიიღეს და 1-2 დამარცხდნენ.
შეხვედრის წინ, პრესკონფერენცია გამართა ვალენსიას მწვრთნელმა, რუბენ ბარახამ, რომელმაც მამარდაშვილზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ის მხოლოდ სელტასთან მატჩზე ფიქრობს.
"ბარსელონასთან მატჩის შემდეგ არაფერი შეცვლილა — გიორგის ჩვენთან კონტრაქტი აკავშირებს, მომდევნო შეხვედრაზე არის კონცენტრირებული და ჰიპოთეტურ თემებზე არ ვისაუბრებ."
"კარგი იქნება თუ მამარდაშვილი ვალენსიაში დარჩება და კონკურენცია გაგრძელდება. 3 მაღალი დონის მეკარე გვყავს, რომლებიც ერთმანეთთან მუდმივად კონკურენციაში იქნებიან" — რუბენ ბარახა.
სელტას და ვალენსიას დაპირისპირება დღეს, თბილისის დროით 21 საათზე დაიწყება.