ევროპის ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის -„ბაკურიანი 2025“-ის დაწყებამდენ 53 დღით ადრე, რომში უძველესი ისტორიული საზოგადოებრივი კომპლექსის - Mercati di Traiano-ს სივრცეში „მშვიდობის ცეცხლის“ ანთების ცერემონია გაიმართა.
ღონისძიებაში მონაწილეობდნენ ევროპის ოლიმპიური კომიტეტების, საქართველოს ერონული ოლიმპიური კომიტეტის, „ბაკურიანი-2025“-ის საორგანიზაციო კომიტეტის, საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს, იტალიის ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის, იტალიის სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ხელმძღვანელები, ასევე ახალგაზრდა სპორტსმენები და ანსამბლ „ბასიანის“ წევრები.
ევროპის ოლიმპიური კომიტეტების პრეზიდენტმა, სპიროს კაპრალოსმა ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალების სიმბოლო - ზეთისხილის ხე სეოკ-ის პრეზიდენტს ლერი ხაბელოვს გადასცა. შემდეგ ანსამბლ „ბასიანის“ მიერ შესრულებული ქართული სიმღერის თანხლებით აინთო „მშვიდობის ცეცხლი.“
ჩირაღდანი ჩაიბარა მამუკა ხაბარელმა, მან კი, თავის მხრივ, გადასცა მოციგურავე ნიკა ეგაძეს - 2017 წლის ევროპის ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის ბრინჯაოს პრიზიორს და ახალგაზრდა სამთო-მოთხილამურეს ანასტასია მირიანაშვილს.
„მშვიდობის ცეცხლის“ ანთების ცერემონიაზე სეოკ-ის პრეზიდენტმა ლერი ხაბელოვმა აღნიშნა, რომ რამდენიმე წელსი საქართველო აქტიურად ემზადება რათა სპორტული დღესაწაული აჩუქოს ევროპის ქვეყნებს:
„რამდენიმე წელიწადია, საქართველო გულმოდგინედ ემზადება ევროპის ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის სამასპინძლოდ. ემზადება დიდი პასუხისმგებლობით. ემზადება იმისთვის, რომ ნამდვილი სპორტული დღესაწაული აჩუქოს ევროპის 46 ქვეყნის ახალგაზრდა სპორტსმენებს. ქვეყნის მთავრობის მიერ მხარდაჭერილ ამ პროცესში, საქართველოს ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტთან და ფესტივალის საორგანიზაციო კომიტეტთან ერთად, აქტიურად არიან ჩართული მუნიციპალური სამსახურები, სპორტული ფედერაციები, მთელი ჩვენი სპორტული საზოგადოება. საქართველო მოუთმენლად ელის „მშვიდობის ცეცხლის“ გამოჩენას ჯერ თბილისში, მერე ქვეყნის რეგიონებში, ბოლოს კი ბაკურიანში, სადაც 9 თებერვალს საზეიმო ვითარებაში აგიზგიზდება მარადიული ქალაქიდან ჩატანილი ცეცხლი. ჩვენ უკვე გვაქვს 2015 წლის ზაფხულის ოლიმპიური ფესტივალის წარმატებული ჩატარების გამოცდილება. მინდა დაგარწმუნოთ, რომ ასევე წარმატებული იქნება „ბაკურიანი -2025,“ - განაცხადა ლერი ხაბელოვმა.