ბაკურიანში, ფესტივალის დახურვის ცერემონიის ფარგლებში, ევროპის ოლიმპიური კომიტეტების, საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის და ბაკურიანი-2025 -ის საორგანიზაციო კომიტეტის ხელმძღვანელებმა დააჯილდოვეს სამთო-თხილამურობის, თხილამურებით რბოლის და ბიათლონის სხვადასხვა დისციპლინებში გამარჯვებულები.
ევროპის ოლიმპიური კომიტეტების პრეზიდენტმა სპიროს კაპრალოსმა, ეოკ-ის ვიცე- პრეზიდენტმა
დაინა გუდზივენიჩუტემ და ნოდარ ქუმარიტაშვილის მამამ, დავით ქუმარიტაშვილმა ფესტივალის საუკეთესო გოგონა და ვაჟ სპორტსმენებს ნოდარ ქუმარიტაშვილის სახელობის ჯილდოები გადასცეს. ჯილდოებისთვის ნოდარ ქუმარიტაშვილის სახელის მინიჭების გადაწყვეტილება ევროპის ოლიმპიური კომიტეტებმა საქართველოს ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტთან და ბაკურიანი-2025 -ის საორგანიზაციო კომიტეტთან ერთად მიიღო.
ზამთრის ოლიმპიურ ფესტივალს საქართველოს სამმა ქალაქმა უმასპინძლა, სამთო-თხილამურობასა და ბიათლონში შეჯიბრებები ბაკურიანში ჩატარდა, ფიგურულ ციგურაობა - ბათუმში, ჰოკეი კი თბილისში გაიმართა.
ოლიმპიურმა ფესტივალმა სტარტი 6 თებერვალს თბილისში ახლად აშენებულ, თანამედროვე სტანდარტების ყინულის არენაზე ჰოკეისტთა შეჯიბრებით აიღო, 9 თებერვალს კი ბაკურიანში გაიმართა საზეიმო გახსნის ოფიციალური ცერემონია.
ოლიმპიურ ფესტივალში 45 ქვეყნის 1000-მდე სპორტსმენი მონაწილეობდა, სპორტის 8 სახეობაში.
საქართველოდან სპორტის 3 სახეობაში იასპარეზა 8 სპორტსმენმა. პირველად საქართველომ ზამთრის ოლიმპიური ფესტივალების ისტორიაში, ოქროს მედალი მოიპოვა. ფიგურული ფიგურული მოციგურავე ინგა გურგენიძე პირველი ქართველი სპორტსმენია, ვინც ევროპის ზამთრის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე ოქროს მედლის მოპოვება შეძლო.
2027 წელს ზამთრის მომდევნო ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალს რუმინეთის ქალაქი ბრაშოვი უმასპინძლებს.








