ნაპოლის ყოფილმა თავდამსხმელმა, ფრანჩესკო ბაიანომ ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა. ვეტერანი შემტევი აღნიშნავს, რომ კლუბს ახალგაზრდა ვინგერის შენარჩუნება გაუჭირდება. შეგახსენებთ, რომ მოლაპარაკებები ახალი კონტრაქტის თაობაზე "პარტენოპეისა" და ქართველ შემტევს შორის ამ დროისთვის შეჩერებულია.
"დღეს, კვარაცხელიას გადმობირება ბარსელონას უნდა, ხვალ იქნება პარის სენ-ჟერმენი, ზეგ კი - მანჩესტერი. ის უმაღლესი კლასის გარემარბია და საიდუმლო არ არის, რომ ხვიჩას გაფორმება ყველას სურს. აუცილებლად გამოჩნდება კლუბი, რომელიც მის სანაცვლოდ დიდ თანხას გადაიხდის. ეს უბრალოდ დროის საკითხია.
გასულ ზაფხულს, პსჟ-მ ქართველ გარემარბს ხელფასის სახით შესთავაზა 11 მილიონი ევრო და ასეთი შემოთავაზებები ნაპოლის კანკალს აწყებინებს. პირადად მე, ყველაფერს გავაკეთებდი "პარტენოპეის" ლიდერის შესანარჩუნებლად", - განაცხადა ყოფილმა იტალიელმა ფორვარდმა.