ტრასაზე უსწრაფესი ლანდო ნორისი იყო, რომელმაც 1:15.096 წუთი დააფიქსირა და პოულ პოზიცია მოიპოვა. მეორე ადგილზე ნორისის ავსტრალიელი თანაგუნდელი, ოსკარ პიასტრი გავიდა, რომელიც ბრიტანელს მხოლოდ 0.084 წამით ჩამორჩა, ხოლო მესამე პოზიცია მოქმედმა ჩემპიონმა, მაქს ვერსტაპენმა დაიკავა.
სეზონის პირველ კვალიფიკაციაზე სასურველი შედეგი ვერ დააფიქსირა ფერარიმ, რომელიც წელს ერთ-ერთ მთავარ ფავორიტად მოიაზრება — შარლ ლეკლერი ლიდერს 0.659 წამით ჩამორჩა და მე-7 ადგილი დაიკავა, ხოლო მსოფლიოს 7-გზის ჩემპიონი, ლუის ჰამილტონი ხვალინდელ რბოლას მე-8 პოზიციიდან დაიწყებს.
2025 წლის პირველივე კვალიფიკაციაზე სენსაცია შემოგვთავაზეს რეისინგ ბულსის და უილიამსის პილოტებმა. იუკი ცუნოდა (რეისინგ ბულსი) მე-5 ადგილზე გავიდა, მისი თანაგუნდელი, დებიუტანტი ისაკ ჰაჯარი კი მე-11 პოზიციას დასჯერდა. მესამე სეგმენტში იასპარეზეს უილიამსის მრბოლელებმა და საბოლოოდ ალექს ალბონი მე-6, კარლოს საინსი კი მე-10 ადგილიდან აიღებს სტარტს.
2025 წლის ავსტრალიის გრან პრი ხვალ, თბილისის დროით დილის 8 საათზე დაიწყება და სინოპტიკოსები წვიმიან რბოლას ვარაუდობენ.










