ევროპა ლიგის 1/2 ფინალის განმეორებითი მატჩი ბერგამოში გაიმართა, სადაც ადგილობრივმა ატალანტამ მარსელს უმასპინძლა. 90 წუთის განმავლობაში მაყურებელმა ჯან პიერო გასპერინის გუნდის დამაჯერებელი თამაში იხილა, რაც ლოგიკურად ანგარიშშიც აისახა. ატალანტამ მეტოქე 3:0 დაამარცხა და ფინალის საგზურიც დამსახურებულად მოიპოვა.
შეხვედრაში ანგარიში ადემოლა ლუკმენმა გახსნა. 30-ე წუთზე ნიგერიელმა შარლე დე კეტელარეს პასით ისარგებლა და საკუთარი გუნდი წინ გაიყვანა. მეორე გოლი კი იტალიელი მატეო რუჯერის ანგარიშზეა, რომელმაც 52-ე წუთზე ატალანტას უპირატესობა ორ ბურთამდე გაზარდა. მატჩის მიწურულს, 95-ე წუთზე, საბოლოო ანგარიში ელ ბილალ ტურემ დააფიქსირა, 3:0.
ატალანტას მეტოქე ჩაბი ალონსოს ლევერკუზენი იქნება. ევროპა ლიგის ფინალი 22 მაისს, თბილისის დროით 23:00 საათზე გაიმართება.