არც ერთი იყო პარიზელი და არც მეორე სენტ-ტიენელი, ორივე ბედკრული საქართველოს შვილები არიან - ხვიჩა და ზუკა ერთმანეთს საფრანგეთში შეხვდნენ.
ამ მატჩის მთავარი აფიშა და ინტრიგა სწორედ ქართველების დაპირისპირება იყო, თან იმ ქართველების, რომლებიც ბავშვობიდან ერთად მოდიან, მეგობრობენ და ნაკრებშიც სულ ერთად არიან.
თუ აქამდე კვარაცხელია და დავითაშვილი ერთმანეთს FIFA-ში ეჯიბრებოდნენ ხოლმე, დღეს ვირტუალურმა ფეხბურთმა რეალობაში გადაინაცვლა და აქ გამარჯვებული ხვიჩა გამოდგა.
ეს გასაკვირი არცაა, რადგან კვარაცხელია ევროპის ერთ-ერთ საუკეთესო კლუბში თამაშობს, დავითაშვილი კი მიმდინარე სეზონში სტ.ეტიენს, ფაქტობრივად, მარტო ლიდერობს და თუ გუნდი იგებს, დავითაშვილის დამსახურებაა ხოლმე.
მატჩის წინ, ამ 2 მოთამაშეს შორის კომუნიკაცია შედგა და ერთმანეთს წაგებას ჰპირდებოდნენ. მატჩი ზურიკოსთვის კარგად დაიწყო, ქართველის საგოლე გადაცემით სტ.ეტიენი დაწინაურდა, მაგრამ გაშვებულმა გოლმა პსჟ გააბრაზა და 6 უპასუხო გოლი გაიტანა.
ზურიკოს ასისტს კვარაცხელია არ ჩამორჩა და ბრწყინვალე გოლი გაიტანა, როცა მეტოქის მცველს ბურთი მოჰპარა, ცრუ მოძრაობებით ყველა დაგვაბნია და მარტივად შეასრულა. თითქოს, კვარას შესაძლებლობების მარაგი იწურება ხოლმე და მეტოქე წინასწარ უნდა ხვდებოდეს, რის გაკეთებას აპირებს ქართველი, მაგრამ ყველა მატჩში ის ახალ მაგიებს გვთავაზობს. გამონაკლისი არც დღევანდელი დღე იყო.
სანამ მეორე ტაიმი დაიწყებოდა, კვარასა და ზუკას შორის მოედანზე რამდენიმეწამიანი დიალოგი ვიხილეთ. ალბათ, კვარა თავის მეგობარს დაჰპირდა, ამ ტაიმში გოლს გაგიტანო და სიტყვა შეუსრულა.
დიდ ფეხბურთში არ გამოვიდა, მაგრამ ფეხბურთელებს დღევანდელი მატჩის შემდეგ ერთდღიანი დასვენება აქვთ და ამ დასვენების დროს, ზურიკო რევანშის აღებას FIFA-ში შეეცდება, მაგრამ ისიც საკითხავია, რამდენად აიღებს.
მთავარი ისაა, რომ ქართველი ფეხბურთელები ერთმანეთს უკვე დიდ ასპარეზზე, ტოპ 5 ჩემპიონატში უპირისპირდებიან, თან აქედან ერთი უკვე ლიგა 1-ის პოტენციური ჩემპიონია.