სერია ა-ს შემდეგ ტურში ტურინის იუვენტუსი ნაპოლის მიიღებს. აღნიშნული შეხვედრა განსაკუთრებული და პრინციპულია სტუმრების მთავარი მწვრთნელისთვის, ანტონიო კონტესთვის, რომელმაც კარიერის უდიდესი ნაწილი "ბებერ ქალბატონს" დაუთმო. მატჩის წინ, მან საინტერესო კომენტარი გააკეთა:
"არ მიმაჩნია, რომ კვარაცხელიას ზედმეტი დაცვა სჭირდებოდეს. არ ვთვლი, რომ კალიარისთან შეხვედრაში მოწინააღმდეგე გუნდის ფეხბურთელები მას განზრახ ეუხეშებოდნენ. დიახ, ზაპამ უხეშად ითამაშა, რამაც გამოიწვია რეზონანსი, მაგრამ არ ვაპირებ წუწუნს ტრავმების გამო, ეს მამაკაცური საქციელი არ არის.
იუვენტუსის წინააღმდეგ თამაში ჩემთვის განსაკუთრებულია. ამ გუნდის კაპიტანი და მოგვიანებით მწვრთნელიც ვიყავი. დავეუფლე უამრავ ტიტულს და ცხადია, ეს მატჩი ჩემთვის ძალიან ემოციურია. ამის მიუხედავად, ყველაფერი გვერდზე უნდა გადავდო და ნაპოლის წარმატებაზე უნდა ვკონცენტრირდე", - განაცხადა იტალიელმა ტაქტიკოსმა.