დღეს ევრობასკეტზე საქართველოს კალათბურთელთა ნაკრები საბერძნეთს დაუპირისპირდა. ქართველებმა 53:94 წააგეს და საბერძნეთმა ზედიზედ მესამე გამარჯვება იზეიმა.
შეხვედრის შესახებ, საქართველოს ნაკრების კალათბურთელმა, დუდა სანაძემ ისაუბრა:
“ვიცოდით რთული თამაში იქნებოდა. რამდენიმე მიკროტრავმა იყო, რის გამოცა რისკზე არ წავედით, რადგან მომდევნო 2 თმაშში მნიშვნელოვანია ჯანმრთელობა და შესაბამის ფორმაში ყოფნა. იცით ძალიან მნიშვნელოვანი, გადამწყვეტი მატჩები გველის და ამ შეხვედრებისთვის შესაბამისად უნდა მოვემზადოთ.
რაც შეეხება მომდევნო მატჩს, არ გვაინტერესებს კვიპროსთან ფავორიტი ვინაა, ამას მნიშვნელობა არ აქვს, ჩვენ გველის, ჩათვალეთ, ფინალის ტოლფასი მატჩი, მომდევნო 2 თამაშში გადაწყდება ჯგუფიდან გასვლის ბედი, ამიტომ ჩვენთვის ახლა მთავარია მიზნამდე მივიდეთ.”
დღეს C ჯგუფის კიდევ 2 მატჩი გამართება, ესპანეთი - კვიპროსი 19:15 საათზე დაიწყება, ბოსნია და ჰერცეგოვინა - იტალია 22:30 საათზეა ჩანიშნული.
ჯგუფიდან 4 საუკეთსო გადის, საქართველოს ნაკრებს კვიპროსთან და ბოსნია და ჰერცეგოვინასთან აქვს სათამაშო და ჯგუფური ეტაპის დაძლვა შეუძლია, ორივე მატჩის მოგების შემთხვევაში შესაძლოა მესამე ადგილიც დაიკავოს.
ევრობასკეტი 2025 ოთხ ქვეყანაში – ლატვიაში, ფინეთში, პოლონეთსა და კვიპროსში ტარდება. აღნიშნულ ქვეყნებში ტურნირის თითო ჯგუფი 6 ნაკრების შემადგენლობით ასპარეზობს და 4 საუკეთესოს გამოავლენს. ჯგუფებიდან ჯამში გასული 16 ნაკრები მეორე ეტაპს პლეი-ოფს ლატვიის დედაქალაქ რიგაში ჩაატარებს, სადაც კონტინენტის ჩემპიონი გამოვლინდება.
საქართველოს ნაკრების ოფიციალური შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატზე:
რატი ანდრონიკაშვილი, კამარ ბოლდუინი, გიორგი ოჩხიკიძე, კახა ჯინჭარაძე, დუდა სანაძე, ალექსანდრე ფევაძე, თორნიკე შენგელია, სანდრო მამუკელაშვილი, ბექა ბურჯანაძე, გიორგი კორსანტია, გოგა ბითაძე, გიორგი შერმადინი.
საქართველოს ნაკრების მატჩების განრიგი, თბილისის დროით:
საქართველო – კვიპროსი - 2 სექტემბერი, 19:15 საათი
საქართველო – ბოსნია-ჰერცეგოვინა - 4 სექტემბერი, 16:00 საათი








