ჯერჯერობით უცნობია, დარჩება თუ არა მოჰამედ სალაჰი მომავალ სეზონში ლივერპულში. მისი კონტრაქტის გარშემო ბევრი მითქმა-მოთქმაა, თუმცა ფაქტად რჩება ის, რომ ეგვიპტელი ფორვარდი საუცხოო ფორმაშია. მიმდინარე სეზონის 18 მატჩში მან უკვე 12 ბურთის გატანა შეძლო. ზოგადად, პრემიერ ლიგაში კი "წითლების" ლიდერს უკვე 167 გოლი დაუგროვდა.
მერსისაიდელების მე-11 ნომერი პრემიერ ლიგის ყველა დროის საუკეთესო უცხოელ ბომბარდირთა სიაში ამჟამად მესამე ადგილზე არის. მას უსწრებენ სერხიო აგუერი (184 ბურთი) და ტიერი ანრი (185). როგორც ვხედავთ, "ფარაონს" 1-ელ პოზიციაზე გადასასვლელად ნისლიან ალბიონზე კიდევ 18 გოლის გატანა სჭირდება.
იმის გათვალისწინებით, რომ სეზონის დიდი ნაწილი ჯერ კიდევ წინ არის, 32 წლის თავდამსხმელის პირველ ადგილზე გადასვლა საკმაოდ რეალურ ვარიანტად ჩანს. რაც შეეხება სალაჰის ზოგად სტატისტიკას, "სქაუზერების" შემადგენლობაში მან 367 მატჩში 223 ბურთი გაიტანა.