ლა ლიგის ბოლო ტურში ვალენსია გამართავს გასვლით შეხვედრას ვიგოს სელტასთან და იმ შემთხვევაში, თუ სტუმართა შემადგენლობაში ითამაშებს გიორგი მამარდაშვილი, მას ესპანური კლუბის რიგებში 100 მატჩი დაუგროვდება. ახალგაზრდა კარის დარაჯმა 96 თამაში ჩაატარა პრიმერა დივიზიონში, 3 კი კოპა დელ რეიზე.
არაა გამორიცხული, რომ ეს იყოს ქართველი მეკარის ზოგადად ბოლო მატჩი "ღამურების" მაისურით. როგორც ვიცით, მის სახელს უკავშირებენ მადრიდის ატლეტიკოს, ნიუკასლსა და პრემიერ ლიგის კიდევ რამდენიმე კლუბს. "ლოს ჩეს" უფროსობა არ არის გუნდის კარის დარაჯის გაყიდვის წინააღმდეგი, მაგრამ მინიმუმ 30-40 მილიონ ევროდ.
Marca-ს თანახმად, 23 წლის მეკარისთვის პრიორიტეტული ვარიანტი არის "როხიბლანკო", თუმცა აღნიშნული ტრანსფერი რეალური გახდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ კლუბი იან ობლაკს დაემშვიდობება. აქვე დავამატებთ, "მურსელაგოსის" 25-ე ნომერმა ჩატარებული 99 მატჩიდან 31-ში კარი მშრალად შეინახა.