კონფერენს ლიგის ფაზის მეორე ტურის მატჩი იბერიასა და მიალბის შორის, ფრედ 1:1 დასრულდა. მატჩის შემდეგ კომენტარი იბერიას თავკაცმა ლევან კორღალიძემ გააკეთა.
"გულდასაწყვეტი ფრეა, რადგან ბოლო წუთებამდე ვიგებდით. სამწუხაროა, რომ ეს უპირატესობა ვერ შევინარჩუნეთ. ერთადერთი დადებითი რამ, რაც დღეს ვნახეთ, გუნდის ბრძოლისუნარიანობაა. მომენტები შევქმენით. როგორც ვიცი, ამ 1 ქულის წყალობით, 2028 წლის ევროტურნირებზე ისევ 4 გუნდით ვიქნებით.
მჭიდრო გრაფიკი პრობლემებს ქმნის - დილასთან მატჩის მერე ძალები ბოლომდე ვერ მოვიკრიბეთ. ჩემი დავალება ნამდვილად არ იყო, რომ გატანილი გოლის შემდეგ უკან დაგვეხია. რა თქმა უნდა, ბოლო წუთებზე, როცა მეტოქეს სჭირდებოდა გატანა, ბოლომდე წინ ვერ წავიდოდით.
ამ მატჩით ბედნიერი არ ვარ. ჩვენ ყოველთვის მოსაგებად ვიბრძვით.ყველაზე მეტად მე მინდოდა, შეგვეტია და უფრო აგრესიულები ვყოფილიყავით. ისე ვითამაშეთ, როგორც შევძელით და მოწინააღმდეგემ რამდენი საშუალებაც მოგვცა. გასაგებია, რომ ქომაგებს მეტი სურთ... მეც ასე მინდა. ასეთი დონის მეტოქესთან თამაში მარტივი არაა. ნელ-ნელა ჩვენს საქმეს ვაკეთებთ და იმედია, მომდევნო თამაშებში პროგრესი გვექნება.
მადლობა იმ ხალხს, ვინც მოვიდა, მაგრამ სტადიონზე ბევრი ადამიანი არ იყო. გოლის გატანის შემდეგ გულშემატკივრობა დამაკლდა. ვიგებდით, მაგრამ ისეთი სიჩუმე იყო, რომ მეგონა, ვაგებდით. ვფიქრობ, მომავალში უფრო მეტი ხალხი მოვა. დღეს, ალბათ, წვიმაც ხელისშემშლელი ფაქტორი იყო.", - განაცხადა კორღალიძემ.












