ეროვნული ლიგის დაწყების წინ, თელავმა რამდენიმე ტრანსფერი განახორციელა. ყველაზე საინტერესო ვარიანტად ჩანს ჯინო პერუცის დამატება. არგენტინელი მარჯვენა მცველი სხვადასხვა დროს თამაშობდა ბოკა ხუნიორსში, ველეს სარსფილდში, სან ლორენცოში, ნასიონალსა და ალიანსა ლიმაში. ასეთია ქართული კლუბის ახალწვეული განაპირა მცველის სამხრეთ ამერიკული კარიერა.
რაც შეეხება ევროპას, 2013-2015 წლებში, 31 წლის მარჯვენა მცველი კატანიაში თამაშობდა. ცნობისთვის, მას ჩატარებული აქვს ხუთი შეხვედრა არგენტინის ნაკრების რიგებშიც. ეს ხდებოდა 2012-2015 წლებში. პერუცის ორი მატჩი აქვს ჩატარებული ბრაზილიის წინააღმდეგ, თითო თამაში კი კოლუმბიასთან, ეკვადორსა და ბოლივიასთან.
განსაკუთრებით გამოსარჩევია 2013 წლის 26 მარტს გამართული შეხვედრა ბოლივიის წინააღმდეგ, რომელშიც ჯინოს გარდა, "ალბისელესტეს" მხრიდან თამაშობდნენ ლეო მესი, ანხელ დი მარია და ხავიერ მასკერანო. მატჩი ფრედ, 1:1 დასრულდა. რაც შეეხება თელავის განაპირა მცველის ტიტულებს, ის არგენტინის ჩემპიონი და არგენტინის თასის მფლობელია.