ნაპოლის პრეზიდენტი, აურელიო დე ლაურენტისი თავის ფეხბურთელებს 10-მილიონიან პრემიას შეჰპირდა. მოთამაშეები ბონუსს იმ შემთხვევაში აიღებენ, თუ ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალის ფარგლებში ბარსელონას ბარიერს გადალახავენ. შეგახსენებთ, რომ ამ გუნდების პირველ მატჩში ფრე, 1:1 დაფიქსირდა.
აღსანიშნავია, რომ იტალიელ ბიზნესმენს მხოლოდ კატალონიელების დამარცხებისა და მეოთხედფინალში გასვლის სურვილი არ ამოძრავებს, მას სხვა ინტერესიც აქვს. "პარტენოპეის" პრეზიდენტს სურს, რომ მისმა გუნდმა 2025 წელს დაგეგმილ საკლუბო მუნდიალზე მიიღოს მონაწილეობა, რომელიც აშშ-ში გაიმართება.
მსოფლიო ჩემპიონატზე მონაწილეობის შემთხვევაში, "აძურის" ბიუჯეტი დამატებითი 50 მილიონი ევროთი შეივსება. ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში გასვლით კი "ლურჯები" ამ მიზანს მოუახლოვდებიან. ამ დროისთვის სტადიო მარადონას ბინადრებს კოეფიციენტებით უსწრებს ტურინის იუვენტუსი და "ბლაუგრანასთან" წაგების შემთხვევაში, სკუდეტოს მოქმედი ჩემპიონი თავის კონკურენტს ვეღარ გაუსწრებს.
ამის გარდა, მეოთხედფინალში გასვლის შემთხვევაში, დე ლაურენტისის კლუბი 10.6-მილიონიან ბონუსს უეფასგანაც მიიღებს. იმის გათვალისწინებით, რომ "ბებერი ქალბატონი" წელს ევროსარბიელზე არ გამოდის, ნაპოლის გადასწრების რეალური შანსი აქვს. 1/8 ფინალის ბარიერის გადალახვის შემდეგ, "პარტენოპეის" ლიგაზე კიდევ ერთი მოგება დასჭირდება, რის შედეგადაც "ბიანკონერის" ოფიციალურად ჩამოიტოვებს.