22 წლის შემდეგ პირველად - თბილისში ევროტურნირების მთავარი ეტაპის მატჩი გაიმართება, სადაც საქართველოს მოქმედი ჩემპიონი იბერია მიალბის უმასპინძლებს.
სამწუხაროდ, იბერიამ კონფერენს ლიგაზე ასპარეზობა წარუმატებლად დაიწყო და სტ.ტრუიდენთან 2:0 დამარცხდნენ. მიალბიმ კი ანდორის წარმომადგენელ ესკალდესს სძლია და პირველი 3 ქულა ჩაიწერა.
სტ.ტრუიდენთან მატჩის შემდეგ, იბერიამ ეროვნული ლიგის მატჩი ჩაატარა და გორის დილა სტუმრად დაამარცხა.
მიმდინარე სეზონში მიალბი არც თუ ისე წარმატებით ასპარზობს და შვედეთის ჩემპიონატში 24 ტურის შემდეგ, 23 ქულა აქვს და მე-12 ადგილს იკავებს.
ლევან კორღალიძე (იბერიას მთავარი მწვრთნელი):"მჭიდრო რეჟიმში მოგვიწია თამაშების ჩატარება, მაგრამ, ვფიქრობ, ამის რესურსი გაგვაჩნია და ხვალინდელ მატჩს მზადყოფნაში ვხვდებით. თუ გვინდა, რომ ევროტურნირებზე ვიასპარეზოთ, ამისთვის მზად უნდა ვიყოთ. შეძლებისდაგვარად, ვცდილობთ, ძალები გადავანაწილოთ. ბართიშვილი ძალიან ნიჭიერია. ანდრიას ტრავმა ჰქონდა და სულ რაღაც 1 კვირაა, ვარჯიში განაახლა. ვცდილობთ, ნელ-ნელა ოპტიმალურ ფორმაში შევიყვანოთ, რადგან ტრავმის რეციდივი არ მოხდეს.
ფეხბურთელებს ყოველთვის ვეუბნები, როომ ხელოვნური საფარი ან სხვა რამ ხელისშემშლელი ფაქტორი არ უნდა იყოს. სადაც და როგორ მოედანზეც არ უნდა მოგვიწიოს თამაში, პრობლემა არ უნდა შეგვექმნას. რა თქმა უნდა, ხელოვნურ საფარზე თამაში დისკომფორტია, მაგრამ მარცხი ამას არ უნდა დავაბრალოთ. პასუხისმგებლობას ყოველთვის ჩემს თავზე ვიღებ."
ანდრეას ბრანსტრომი (მიალბის მთავარი მწვრთნელი): "მოხარული ვართ, რომ საქართველოში ჩამოვედით. ქართულ კლუბს პირველად ვუპირისპირდებით. მათ მწვრთნელი შეიცვალეს, მაგრამ კარგად ასპარეზობენ. ამ ტურნირზე პირველად ვართ. რა თქმა უნდა, ყოველთვის მოგებას ვცდილობთ და ხვალაც ეს მიზანი გვაქვს.
ჩემი გუნდის ტაქტიკაზე ყველაფერს ვერ გეტყვით, თუმცა შევეცდებით, სოლიდურად და დამაჯერებლად ვითამაშოთ.იბერია ტექნიკური გუნდია - ცენტრალური ნახევარმცველების წყვილი ძლიერი ჰყავს, ასევე მათ მარცხენა მცველს გამოვარჩევდი"
იბერია - მიალბი
კონფერენს ლიგის მთავარი ფაზა, მეორე ტური
22 ოქტომბერი, 20:45
მიხეილ მესხის სტადიონი, თბილისი
იბერიას სავარაუდო შემადგენლობა: მაკარიძე, სემილოვიჩი, ჯინჯოლავა, ჩანჩარი, ამისულაშვილი, დადიანი, ქარდავა, სიხარულაშვილი, ნაჭყებია, კაფე, ძაგანია












