28 აგვისტოდან 6 სექტემბრის ჩათვლით გერმანიის ქალაქ ესენში 6x6 ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატი SOCCA World Cup 2026 გაიმართება, რომელშიც საქართველოს Master League-ს ნაკრებიც მიიღებს მონაწილეობას.
მსოფლიო ჩემპიონატზე 48 ქვეყნის ნაკრები იასპარეზებს. ტურნირის შეხვედრები ესენის ცენტრში, Kennedyplatz-ზე, სპეციალურად მსოფლიო ჩემპიონატისთვის მოწყობილ არენაზე გაიმართება.
საქართველოს ნაკრები სრულად დაკომპლექტებულია 7x7 ფეხბურთის ასოციაციის მიერ ორგანიზებული პროექტის „მასტერ ლიგის“ ფეხბურთელებით.
შემადგენლობა: გიორგი ვეშაპიძე, გიგა ჭანკვეტაძე, გიორგი თოლორდავა, ემზარ ნადირაძე, დიეგო ლობჟანიძე, არჩილ კელიხაშვილი, რატი ცაცკრიალაშვილი, ნიკა ფანცულაია, ლაშა ჟღენტი, გიორგი ენუქიძე, გიორგი ჯინიკაშვილი, თამაზ ვახანია, ლუკას ბოგველი
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატზე I ჯგუფში იასპარეზებს. ჯგუფურ ეტაპზე ჩვენი მეტოქეები იქნებიან: უკრაინა, ლიბანი და პაკისტანი.
საქართველოს ნაკრებისთვის SOCCA-ს მსოფლიო ჩემპიონატზე დღემდე საუკეთესო შედეგი მერვედფინალში გასვლაა. 2026 წლის ტურნირზე გუნდის მიზანი ამ შედეგის გაუმჯობესებაა. საქართველოს ნაკრების გენერალური სპონსორია კომპანია „აპტოსი“.
„აპტოსის“ ფინანსურმა მხარდაჭერამ მნიშვნელოვანი როლი შეასრულა საქართველოს ნაკრების მსოფლიო ჩემპიონატზე მონაწილეობაში და გუნდს შესაძლებლობა მისცა, ჩვენი ქვეყნის სახელით კიდევ ერთხელ წარდგეს საერთაშორისო ასპარეზზე.
SOCCA World Cup მცირე ფორმატის ფეხბურთის ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური საერთაშორისო სანაკრებო ტურნირია. საქართველოს ნაკრების მსოფლიო ჩემპიონატის ყველა მატჩის პირდაპირი რეპორტაჟი „მასტერ ლიგის“ YouTube არხზე გადაიცემა.











