იქამდე, „ელ მატადორი” La Gazzetta dello Sport Georgia-ს ოფისში ეწვია და მის დამფუძნებელ ლაშა მაჭავარიანს ექსკლუზიური ინტერვიუ მისცა.
- მოხარულები ვართ, რომ დატვირთული გრაფიკის მიუხედავად, ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი სპორტული დღისთვის სამშობლოში ჩამოსვლა შეძელი. საქართველოსა და ლუქსემბურგის მატჩის დაწყებამდე მოედანზე გახვალ და საჩემპიონო ქამარს ქართველ გულშემატკივარს წარუდგენ. მინდა დიდი მადლობა გითხრა იმისთვის, რომ აქ ხარ, ჩვენს ოფისში მოსვლა მოახერხე და საშუალება გვაქვს ექსკლუზიური ინტერვიუ ჩავწეროთ.
- პირიქით, დიდი მადლობა თქვენ, საქართველოში ჩამოსვლა და გამარჯვების გაზიარება ჩემი სურვილი და მოვალეობა იყო. სიმართლე გითხრათ, გუშინდელმა დღემ და დახვედრამ მოლოდინს გადააჭარბა.
- დღეს მთელი საქართველო ილია თოფურიაზე ლაპარაკობს. სიხარული, რომელიც ამ ერს მიანიჭე შეუფასებელია. როგორ ემზადები 21 მარტითვის, მოგვიყევი შენს ემოციებზე.
- ძალიან ემოციურია ამდენი ხალხის წინაშე გასვლა, როდესაც ყველას შენი წარმატება უხარია. ყველასთან მისვლა და ჩახუტება მინდა. დიდი სიამოვნებით გავატარებდი დროს თითოეულ მათგანთან, მაგრამ სამწუხაროდ, ეს ვერ ხერხდება. მადლობა ღმერთს ბევრნი არიან, იმედია ეს ასეც გაგრძელდება.
- დარწმუნებული ვარ, მატჩის დროს დიდი სიხარული იქნება. ვისაუბროთ გაჩემპიონების მომდევნო რამდენიმე დღეზე. არაჩვეულებრივი დახვედრა მოგიწყეს ესპანეთში. სანტიაგო ბერნაბეუ ბრწყინვალედ დაგხვდა, რეალი - სევილიას თამაშზე იყავი მიწვეული და იქ წარადგინე ქამარი. იმ დღეს იქ შენ მთავარი კაცი იყავი. როგორი გრძნობა იყო ეს ყველაფერი?
- ძალიან სასიამოვნო გრძნობა გეუფლება, როდესაც მადრიდის რეალის სტადიონზე ხარ, გვირაბიდან გამოსვლისას ათიათასობით მაყურებლის ოვაცია გესმის. დიდი სიამოვნებით გაგიზიარებდით უკეთესად, მაგრამ სამწუხაროდ, ამისთვის შესაფერისი სიტყვები არ არსებობს.
- ვიცით, რომ შენ მადრიდის რეალის გულშემატკივარი ხარ. ფაქტია, რომ იქაური პუბლიკა არა მხოლოდ ჩემპიონს, არამედ ისეთ ადამიანს ელოდა, რომელიც მათი გუნდის ქომაგია. ესპანეთი ისედაც განებივრებულია სპორტული წარმატებებით ფეხბურთში, ჩოგბურთში... MMA-ში ესპანეთს დიდი მიღწევები არ აქვს, რაღაც პერიოდის წინ პოპულარულიც არ იყო. გვითხარი, შენს ამ წარმატებას რა გავლენა ექნება ესპანეთზე?
- დღესდღეობით MMA პოპულარული სპორტია, 10 წლის წინ, როდესაც ვარჯიში დავიწყე, ამ სპორტზე არავინ არაფერი იცოდა. როცა ვამბობდი, რომ MMA-ში ვვარჯიშობდი მეუბნებოდნენ UFC-ში თუ ვჩხუბობდი, იმდენად არაინფორმირებულები იყვნენ. მადლობა ღმერთს, დღეს ბევრი ადამიანია ჩართული, ძალიან განვითარდა კიდეც ეს სპორტი. ბევრად მეტი ღონისძიება ტარდება, მეტი შანსი აქვს მომავალ თაობას რომ იმავე წარმატებას მიაღწიოს.
- ესპანეთმა შენი სახით წარმატებული პიროვნება შეიძინა, რომელიც მაგალითს აძლევს მომავალ თაობას. ალბათ ეს გარემოება გარდამტეხი იქნება ამ სპორტის განვითარებისთვის.
- ჩემი აზრით, ასეა. ფეხბურთი ყველას გვიყვარს, მაგრამ ბევრად უფრო გვიყვარს მაშინ, როდესაც ჩვენი გუნდი თამაშობს. ასევეა ყველა სპორტსა და ზოგადად, ცხოვრებაში. როცა შენიანი იბრძვის უფრო დიდ ინტერესს იჩენ, ასე მოხდა ესპანეთში. ბევრად დიდი დაინტერესებაა იმის გამო, რომ მათ წარმომადგენელი ჰყავთ.
- ერთ დღეს, შენს ინსტაგრამზე 15-0 ზე დაეწერა. ვიფიქრე რამე ხომ არ გამომრჩა. მაგრამ შემდეგ გავაანალიზე, რომ რეალურ დროში ვარ და ილიამ დაანონსა ის, რაც ზუსტად იცოდა რომ მოხდებოდა. მოგწერე კიდეც და გითხარი რომ მოვლენების სხვაგვარად განვითარებას არ განვიხილავდი. თუმცა, გულშემატკივრის გადმოსახედიდან ეს ყველაფერი განსხვავებულად ჩანს. შენს შესაძლებლობებში რწმენა და თქმა იმისა, რომ ეს სწორედ ასე მოხდება, არ არის მარტივი. როგორ მიხვედი ასეთ მენტალურ მდგომარეობამდე?
- მარტივი არ არის, მაგრამ ყოველთვის თავდაჯერებული ვარ. დარწმუნებული ვიყავი ჩემს შესაძლებლობებში. ყოველთვის ძალიან ბევრს ვშრომობდი იმისთვის, რომ განვვითარებულიყავი, როცა ჩემპიონობისთვის ბრძოლის მომენტი დადგა, ერთ ჩვეულებრივ საღამოს. უცებ ვიფიქრე, ღმერთმა თუ აქამდე მომიყვანა და ყველა დაბრკოლება აქ მოსასვლელად გადავლახე, ახლა რატომ არ უნდა ვიყო თავდაჯერებული და რატომ უნდა შემეპაროს ეჭვი იმაში, რომ ჩემპიონი გავხდები. სწორედ მაგ მომენტში შევცვალე და ინსტაგრამ გვერდზე 15-0 დავიწერე. მეორე დილით რომ გავიღვიძე ყველა საინფორმაციო გვერდი ამაზე წერდა.
- როდესაც კობი ბრაიანტს თავდაჯერებულობაზე ეკითხებოდნენ, პასუხობდა, რომ გასაღები მომზადებაში იყო. წარმატებული შედეგი ყოველთვის გაწეული შრომისა და მომზადების ხარისხის შესაბამისია.
- ფიზიკურად, მენტალურად და სულიერად - ყველა ასპექტში ყოველთვის მომზადებული ვიყავი. ყოველთვის მზად იმ გამოწვევებისთვის, რომლებიც წინ მელოდება. ვიცი, რომ თავდადებული შრომა შედეგს ყოველთვის გამოიღებს.
- მაიკ ტაისონს აქვს ნათქვამი: "თუ რინგზე უკვე ჩემპიონი არ გახვალ, ბრძოლას წარმატებით ვერასდროს დაასრულებო".
- ბევრს სჭირდება, რომ ნახოს იმისთვის, რათა დაიჯეროს. ჩემ შემთხვევაში, ჯერ რწმენა მოდის, წარმატებას შემდეგ ვხედავ.
- UFC 298-ზე შენი მეტოქე ძალიან ძლიერი იყო. ქართულ ენაზე UFC-ის პირველი ტრანსლაცია ჩვენ 2017 წელს გვქონდა. სიმბოლურია, რომ ამ ივენთზე ალექსანდერ ვოლკანოვსკიც გამოდიოდა. ამით იმას ვამბობ, რომ ის დიდხანს დომონირებდა და გვახსოვს მისი ავტორიტეტი. რა გავლენა ჰქონდა თქვენს ბრძოლაზე ვოლკანოვსკის სტატუსს?
- სიმართლე გითხრათ, არანაირი გავლენა არ ჰქონია. იმდენად დარწმუნებული ვიყავი, რომ ამ ბრძოლას მოვიგებდი, მეტოქის მიუხედავად, ეჭვი არ მეპარებოდა. ყოველთვის ვიცოდი რომ როცა ჩემი დრო მოვიდოდა და ქამრისთვის ბრძოლის მომენტი დადგებოდა, მსოფლიო ჩემპიონი აუცილებლად გავხდებოდი. ამისთვის ვშრომობდი დღე და ღამე.
- FACE-OFF-ზე ვოლკანოვსკისთან საინტერესო ინტერაქცია გქონდა…
- „პატივს გცემ როგორც პროფესიონალს, როგორც ადამიანს, მე უბრალოდ ჩემი ოცნებებისთვის ვიბრძვი.”
- რა არის შენი შემდეგი ოცნება?
- ჩემი მომდევნო ოცნება სანტიაგო ბერნაბეუზე ბრძოლაა. ბოლო დეტალები ზუსტდება, წლის ბოლოს ასეც მოხდება. უდიდესი ალბათობით, ქამარს სწორედ ამ სტადიონზე დავიცავ.
- აქვე ჩაგეკითხები, მომდევნო ბრძოლა რემატჩი იქნება? ავსტრალიელს განმეორებით სურს შენთან ბრძოლა...
- ვოლკანოვსკის მიმართ იმხელა პატივისცემა გამაჩნია, რომ სავარაუდოდ, დასვენების შანსს მივცემ, რათა მომდევნო ბრძოლაში ბევრად უკეთესი იყოს. ჩემთან დაპირისპირებამდე ის ერთხელ უკვე დამარცხდა, აღდგენით პროცესს შესაბიმისი დრო არ დაუთმო, ამიტომ მგონია, მინიმუმ წლის ბოლომდე ჩვენს რემატჩს დიდი აზრი არ აქვს.

- UFC ესპანეთში არასდროს ყოფილა.
- მართალია, არასდროს ყოფილა. ეს პირველი შემთხვევა იქნება. დანა უაითმა ბრძოლის წინაც თქვა, რომ UFC ესპანეთში ჩასვლას ნებისმიერი შედეგის შემთხვევაში გეგმავდა. ჩემი გამარჯვება მათ გეგმებს ამარტივებს. ახლა FIGHT NIGHT-ის მაგივრად ესპანეთი PPV ივენთს უმასპინძლებს.
- რეალურად, ესპანეთს UFC-ის მასპინძლობის შესაძლებლობა შენ მიეცი.
- დიახ, ვფიქრობ ქართველ გულშემატკივრებსაც შეეძლებათ ჩამოსვლა. ესპანეთი საქართველოსთან ახლოსაა. დიდი სურვილი მაქვს, რომ შევიკრიბოთ და ერთად ვიზეიმოთ მორიგი გამარჯვება.
- აქვე გიდასტურებ, რომ ჩვენი კომპანია ამაში მონაწილეობას მიიღებს.
- შემოგევლეთ, დიდი მადლობა.
- ესე იგი, ქამრის დაცვა სანტიაგო ბერნაბეუზე, რომელიც ფაქტობრივად შენი სახლია, თითქმის გადაწყვეტილია. აქვს თუ არა UFC Georgia-ს პერსპექტივა უახლოეს მომავალში? თუ გისაუბრიათ ამაზე UFC-ის მესვეურებთან?
- დიახ, ამ საკითხზე გვისაუბრია, მაგრამ ლოგისტიკური საკითხების გამო, ივენთის აქ ჩატარება რთულია. არენა, როგორსაც UFC თავისი ივენთებისთვის ეძებს, საქართველოში ჯერჯერობით არ არსებობს. ასევე, მნიშვნელოვანი საკითხია ბილეთი და მისი ღირებულება. UFC-ს მინიმალური ფასზე მოთხოვნები აქვს დაწესებული. ორგანიზაცია ჯერჯერობით არ არის დარწმუნებული, რომ საქართველოში საკმარისი რაოდენობის ბილეთებს გაყიდის. თუმცა, ორგანიზაციაში ქართველები წარმატებით ვასპარეზობთ, თუ ასე გავაგრძელებთ გამოსვლას, შეიძლება ერთ დღეს იმის საშუალება გვქონდეს რომ UFC-ს საქართველოში ვუმასპინძლოთ.
- ძალიან მაგარი იქნება. დღეს MMA ცალსახად ყველაზე განვითარებადი სპორტია, საქართველოშიც ერთ-ერთ მოწინავე პოზიციაზეა, ამაზე ციფრები მეტყველებს. შენს ძმასა და მერაბზეც გადავალ. თუმცა მანამდე, ერთ მომენტზე უნდა გკითხო. UFC 298-ზე, სანამ ოქტაგონზე გახვალ, შენს თავს ესაუბრები, თავს იმხნევებ და უფალს მიმართავ. ჩანს, რომ გჯერა წარმატების, იცი, რომ შენ ამას იმსახურებ და სასურველ შედეგს აუცილებლად მიიღებ. რა ხდება ამ დროს ილია თოფურიას გონებაში?
- ყველა სპორტსმენისთვის ცნობილია, რომ ოქტაგონამდე გასვლის პერიოდი ყველაზე რთულია. ამ დროს საკუთარ თავთან განუწვეტელი დიალოგი გაქვს. შენი თავი უნდა დააჯერო არამარტო იმაში, რომ მზად ხარ გამარჯვებისთვის, არამედ იმაშიც რომ გეკუთვნის ეს ტრიუმფი, რადგან ამისთვის ყველაფერი გააკეთე. ოქტაგონზე გასვლამდე საკუთარ თავს შევახსენე, რომ მომზადებაში ჩემი მაქსიმუმი მქონდა ჩადებული. ჩემთვის იმაზე უარესი არაფერი არაა, როცა ცხოვრებაში რაღაცის შანსი მოგეცემა და საკმარისად კარგად არ მოემზადები. ვიცოდი, ამ მომენტისთვის რა გავიღე, შესაბამისად, რაც არ უნდა მომხდარიყო გული არაფერზე დამწყდებოდა. ვიცოდი ღმერთის ხელში ვიყავი. უფალს ვუთხარი რომ, არ ვივიწყებდი ჩემ გვერდით მის ყოფნას, მან მომცა ძალა, რომლითაც ცხოვრების ყველა სირთულე დავძლიე. დარწმუნებული ვიყავი, რომ მომდევნო დაბრკოლების გადალახვაშიც დამეხმარებოდა.
- ბრძოლის წინა ღამეს გეძინა?
- მთელი მოსამზადებელი პერიოდის განმავლობაში ყველაზე კარგად ბრძოლის წინა ღამეს მეძინა.
- ვიცით, რომ წინა დღეს მებრძოლები ყველაზე მეტად წვალობენ.
- იმდენად ვიყავი დარწმუნებული ჩემს თავში, მომზადებასა და შესაძლებლობებში, რომ ეჭვი არაფერში მეპარებოდა, მშვიდად ვიყავი. უფრო მეტს გეტყვი, ჩემი გუნდის წევრებს მე ვამხნევებდი. ვეუბნებოდი, რომ ყველაფერი კარგად იყო და დამშვიდებისკენ მოვუწოდებდი. ვხუმრობდი, რომ შედეგი ჩაწყობილი იყო და ვოლკანოვსკი აუცილებლად გაითიშებოდა.
- წონის კლების დროს ღვინოს სვამ...
- ბოლო კვირის განმავლობაში ბევრმა იცის, რომ ძალიან ბევრ წყალს ვსვამთ, აწონვების წინა დღეს კი არც წყალს და არც საჭმელს არ ვიღებთ. ეგ არის ზუსტად ის დღე, როდესაც მებრძოლს ყველაზე მეტად უჭირს დამშვიდება და დასვენება. ასეთ დროს ვსვამ ნახევარ ლიტრ ღვინოს, მეორე დღეს კი 1 კილოთი მსუბუქი ვიღვიძებ.
- ნახევარ ლიტრ ღვინოს? წითელს თუ თეთრს?
- წითელს.
- ქართულს?
- ხანდახან. თუ არის შესაძლებლობა, აუცილებლად ქართულს.
- ალექსანდრესთან დაკავშირებით გვაინტერესებს შენი აზრი. შეაფასე ობიექტურად, როგორც პროფესიონალმა მებრძოლმა.
- ჩემი აზრით, ალექსანდრე თოფურია არის ის მებრძოლი, რომელიც აუცილებლად გახდება UFC-ის ჩემპიონი. ამას იმიტომ არ ვამბობ, რომ ის ჩემი ძმაა. ყველას, ვისაც მისი ვარჯიშისა და ბრძოლის ნახვის შანსი ჰქონია, ამაში დამეთანხმება.
- ალექსანდრეს პირველ ბრძოლასთან დაკავშირებით გვაქვს რამე ინფორმაცია?
- საბოლოო პასუხს ველოდებით. სავარაუდოდ UFC-ის ოქტაგონზე მაისის ბოლოს ან ივნისის დასაწყისში ვიხილავთ. უკვე მომზადების პროცესშია, სწორედ ამიტომ ვერ ჩამოვიდა საქართველოში ჩვენთან ერთად.
- ალექსანდრესთვის ძალიან დიდი კომფორტია გვერდით ყავდეს ისეთი ადამიანი, რომელსაც ეს ყველაფერი უკვე გავლილი აქვს.
- თავადაც გავლილი აქვს, სხვა ამპლუაში, მაგრამ ყველაფერი გამოცდილი აქვს. ისიც პროფესიონალი მებრძოლია, იცის ემოციურად ეს ყველაფერი რას ნიშნავს. მომზადების პროცესსაც კარგად იცნობს.
- წარმატებას ვუსურვებთ მას, დარმწუნებულები ვართ რომ ყველაფერი ისე იქნება, როგორც ამბობ. შენს საბრძოლო სტილსა და მის მრავალფეროვნებას შევეხოთ. შენს არსენალში მაღალი დონის კრივი და ჭიდაობაა, ასევე ბრაზილიური ჯიუ ჯიცუც. შენ შავ ქამარსაც ფლობ. რა უპირატესობას გაძლევს ეს მრავალფეროვნება და კონკრეტულად ბჯჯ?
- კომპლექსური არსენალის მთავარი უპირატესობა მისგან მიღებული სიმშვიდე და თავდაჯერებულობაა. ეს ყველაფერი ბრძოლის ჩემი ნებით წარმართვის საშუალებას მაძლევს. გარდა იმისა, რომ ჭიდაობის ბაზა მაქვს, პარტერში ჯიუ ჯიცუს გამოყენება შემიძლია. შავ ქამარს, დაახლოებით, 6 წელია ვფლობ.
- ბჯჯ-ს ხელოვნებას ესპანეთში დაეუფლე?
- დიახ.
- კლიმენტ კლუბში?
- პირველად ბრაზილიურ ჯიუ ჯიცუსა და ზოგადად MMA-ს 15 წლის ასაკში გავეცანი. იქამდე შერეულ საბრძოლო ხელოვნებებზე არაფერი ვიცოდი. ეს კლიმენტ კლუბის დამსახურებით მოხდა.
- მშობლიურ დარბაზს არ ღალატობ. დიდი ხანია შენ და ალექსანდრე იქ ვარჯიშობთ. ამ მიმართულებით რა გეგმები გაქვს?
- პირველივე დღიდან კლიმენტ კლუბში ვვარჯიშობ, ხორხე და აგუსტინ კლიმენტებთან ერთად ვარ. ჩემი პროფესიიდან გამომდინარე, ბევრ ქვეყანაში მიწევს მოგზაურობა. მაგრამ ყოველთვის როცა ალიკანტეში ვარ, რა თქმა უნდა, კლიმენტ კლუბში ვვარჯიშობ.
- არის თუ არა შანსი იმისა, რომ ეს დარბაზი საქართველოში ვიხილოთ?
- დარბაზის განვითარების პროცესში ვართ. უამრავი პროექტი გვაქვს დაგეგმილი, ვცდილობთ ფილიალები გავხსნათ, მათ შორის საქართველოში, ივენთების ჩატარებაც გვინდა. დარწმუნებული ვარ, ბევრი საინტერესო რამ გველის წინ.
- ქართველების დომინაცია UFC-ში. 298-ე ივენთზე მერაბს შესანიშნავი გამოსვლა ჰქონდა, ის მიზანდასახული და მშრომელი ადამიანია, რომელიც ყველაფერს აკეთებს წარმატების მისაღწევად. როგორი იქნება UFC-ში ქართული მემკვიდრეობა 5 წლის შემდეგ?
- მგონია, რომ ძალიან დიდი. ჩემი, მერაბის, გიგას, რომანის, გურამისა და უკვე ჩემი ძმის სახით მომავალ თაობას წარმატების მაგალითები უკვე აქვს. ასე რომ, ჩემი პროგნოზით, ქართული MMA სწრაფი ტემპებით განვითარდება და უახლოეს მომავალში ორგანიზაციაში ბევრად მეტ ქართველს ვიხილავთ. ჩვენი ერთ-ერთი მთავარი მოვალეობა ახალგაზრდებისთვის იმ ცოდნის გაზიარებაც არის, რომელიც უმაღლეს დონეზე ასპარეზობის პერიოდში დავაგროვეთ.
- რაც შეეხება შონ ო’მალის. წესით, მომდევნო ბრძოლა მერაბის წინააღმდეგ უნდა გამართოს, თუმცა ბოლო გამარჯვების შემდეგ მან შენ გამოგიწვია. უარით გაისტუმრე. მასთან ბრძოლას მერაბს უთმობ?
- იმისთვის, რომ ქვედა დივიზიონის ჩემპიონმა მომდევნო წონითი კატეგორიის ჩემპიონთან ბრძოლა მიიღოს, საკუთარ დივიზიონში სრული დომინაციის მოპოვებაა საჭირო. შონ ო’მალის ეს ჯერ არ გაუკეთებია. თუ მან შეძლო და მერაბის ბარიერიც დაძლია ჩემთან ბრძოლის შანსსაც მიიღებს. თუმცა, ვფიქრობ, რომ მერაბი მას დაამარცხებს და საქართველოს UFC-ში მეორე ჩემპიონი ეყოლება.
- სამომავლო გეგმები: რა შემთხვევაში შეიძლება ილია თოფურიას საქართველოში უფრო ხშირად ხილვა. რა ხედვები გაქვს საქართველოსთან მიმართებით?
- ბოლო პერიოდის განმავლობაში მთლიანად ჩემს სპორტულ კარიერაზე ვიყავი კონცენტრირებული. რა თქმა უნდა, არაფერი შეცვლილა, მაგრამ ახლა, მადლობა ღმერთს, დიდი გუნდი მყავს, შესაძლებლობაც მეტია, მით უმეტეს საქართველოში. დიდი სურვილი მაქვს, რომ აქ ბევრი რამე გავაკეთო და ქართველებს ცოდნა გავუზიარო. უამრავ აქტივობას ვგეგმავ, ვეცდები, რაც შეიძლება მალე ეს ყველაფერი რეალობად ვაქციო.
- ინტერვიუს მიწურულს, მიმართე შენს ქართველ გულშემატკივარს.
- მე მადლობის გარდა არაფერი მეთქმის. ჩემი გაჩემპიონების დღეს ადამიანებმა ჩემს საქომაგოდ დილის 7-ზე გაიღვიძეს და წვიმის მიუხედავად ქუჩაში გამოვიდნენ. აეროპორტში მოსვლისათვის დროის გამოყოფის გამო ყველა ადამიანს მინდა უდიდესი მადლობა ვუთხრა. მადლობა საქართველოს.








