ჩემპიონთა ლიგის ფაზის მესამე ტური გაგრძელდება ოთხშაბათის მატჩებით, რომლებს შორის მთავარი დაპირისპირება გაიმართება მიუნხენში, ბაიერნი ლონდონის არსენალს მიიღებს. განვიხილოთ, თუ რას უნდა ველოდოთ აღნიშნული შეხვედრისგან.
ბაიერნი VS არსენალი | 23:00
მატჩი, სადაც ყურადღების ცენტრში ჰარი კეინი იქნება. არსენალის აკადემიაში ცხრა წლის ასაკში ჭარბი წონის გამო დაწუნებული ბიჭუნა მომავალში აღნიშნული კლუბის ნამდვილ კოშმარად იქცა. ლონდონელებმა თავიანთ ისტორიაში ყველაზე მეტი, 15 ბურთი სწორედ ინგლისელი ფორვარდისგან გაუშვეს.
"მეთოფეებს" 15 გოლი გაუტანა უეინ რუნიმაც, თუმცა 35 მატჩში, ბაიერნის ამჟამინდელმა თავდამსხმელმა კი იგივე შედეგი სულ რაღაც 22 შეხვედრაში დააფიქსირა. ემირეიტსის მკვიდრებზე ხშირად მიუნხენელთა მე-9 ნომრისგან ზარალდებოდა მხოლოდ 2 კლუბი: ევერტონი (16 ბურთი) და ლესტერი (20).
მიკელ არტეტასთვის სამწუხაროდ, 33 წლის თავდამსხმელი დღევანდელ მატჩშიც მწყობრში იქნება. აღსანიშნავია ისიც, რომ ვარსკვლავურ ფორვარდს ექნება თავის გამოჩენის განსაკუთრებული მოტივაცია კიდევ ერთი მიზეზის გამო...ბალონ დ'ორის დაჯილდოებამდე ხომ 1 კვირაზე ნაკლები რჩება.
ოქროს ბურთის ერთ-ერთ მთავარ ფავორიტად სწორედ კეინი მოიაზრება. მის მსგავსად, არსენალის აკადემიაში დამკვიდრების მცდელობა ჰქონდა "რეკორდმაისტერის" კიდევ ერთ ვარსკვლავს, მაიკლ ოლისეს, როცა ის 8 წლის იყო. ინგლისელი ფორვარდისგან განსხვავებით, ახალგაზრდა ვინგერი დღევანდელ შეხვედრას წითელი ბარათის გამო გამოტოვებს.
ფრანგი შემტევის გარდა, ალიანც არენას ბინადრებს ტრავმის გამო არ ეყოლებათ ჯამალ მუსიალა და ასევე საეჭვო მანუელ ნოიერის გამოჩენაც არის. ოპტიმალური შემადგენლობით არც ლონდონელები იქნებიან: პიერო ინკაპიე და ხრისტოს ძოლისი არიან ლაზარეთში. ცხადია, როტაციის საშუალებას "მეთოფეთა" ღრმა შემადგენლობა მათ გარეშეც იძლევა.
ეს იქნება ამ გუნდების რიგით მე-16 მატჩი და რაც შეეხება წინა დაპირისპირებებს, 8-ჯერ იმარჯვა ბაიერნმა, 4-ჯერ - არსენალმა, 3 თამაშიც ფრედ დასრულდა. აღნიშნული დუელის საუკეთესო გოლეადორია ტომას მიულერი, რომელმაც ლონდონელთა კარი სხვადასხვა დროს 5-ჯერ აიღო.
ჩემპიონთა ლიგის ოთხშაბათის მატჩის დღე
| კომო - მანჩესტერ იუნაიტედი | 20:45 |
| ლილი - გალათასარაი | 20:45 |
| ბაიერნი - არსენალი | 23:00 |
| რეალი - ლაიპციგი | 23:00 |
| ინტერი - შახტარი | 23:00 |
| ასტონ ვილა - ვიკინგი | 23:00 |
| ბეტისი - ფეიენორდი | 23:00 |
| ბრიუგე - ლანსი | 23:00 |
| სპორტინგი - ლასკი | 23:00 |











